საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, „ინფლაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი გამოწვევაა“. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ დეკემბერში წლიური ინფლაცია ორნიშნა არ იქნება.
საქმე ის არის, რომ საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში ფასების დონის წლიური ზრდა 10,4% იყო.
„მოგეხსენებათ, ინფლაცია მხოლოდ საქართველოში არაა. ეს არის გლობალური გამოწვევა და როდესაც ჩვენი ქვეყნის ინფლაციაზე ვსაუბრობთ, კონტექსტი უნდა გვესმოდეს. ინფლაცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბევრად მაღალია, ვიდრე - საქართველოში, დაახლოებით, 20%-მდეა. 10%-ია ინფლაცია ევროზონაში და ა.შ. ამის ფონზე, ვფიქრობთ, საქართველოში ინფლაციის მართვა ადეკვატური იყო. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასურველი შედეგი გვაქვს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და მიმაჩნია, რომ თუ შეიძლება ბალანსი დაიჭირო მაკროეკონომიკური კუთხით, საქართველოს ხელისუფლებამ, სებ-თან კოორდინაციით, ეს მოახერხა“, - განაცხადა მინისტრმა.
BMG-ის კითხვაზე - ინფლაციის მოსათოკად რამდენად იქნა გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა გამჭრიახი, წინდახედული და აბსოლუტურად ადეკვატური იყო.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, „ინფლაცია უკვე კონტროლშია მოქცეული“.
„ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თვეების მიხედვით ინფლაციას კლებადი ტენდენცია აქვს. ნოემბერში მაჩვენებელი 10.4% იყო. დეკემბრის ინფლაცია კი ოფიციალურად ცნობილი გახდება მომავალი წლის დასაწყისში, მაგრამ წინასწარი ანალიზით, წლის ბოლოს ინფლაცია ორნიშნა აღარ იქნება. ამ მოლოდინს გვიჩენს ის ფაქტორები, რომ მიმდინარე თვეში პროდუქტების ბევრ კატეგორიაზე ფასები შემცირებულია“, - თქვა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2023 წელს დაუახლოვდება.




























