PMCG-ის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ინფლაციაა, რომლის დაძლევა მოკლე ვადაში ვერ მოხერხდება.
ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას ალექსიშვილი იმასაც ამბობს, რომ მაღალრისკიანობის გათვალისწინებით, ინვესტიციების მხრივ აქტივობას არ უნდა ველოდოთ, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.
„ფაქტია, რომ ჩვენ ამ მდგომარეოაბში ყველაზე მთავარი გამოწვევა რაც გვაქვს, არის ინფლაცია და მის დაძლევას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მეორე საკითხი ინვესტიციებია, იმის გათვალისწინებით, რომ გეოპოლიტიკური სივრცეც არ არის ხელშემწყობი დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ამ მხრივ გარღვევა გვქონდეს და მესამე საკითხი, რომელიც ზემოქმედებს ეკონომიკაზე, ეს არის ჩარიცხვები უცხოეთიდან. ამ თვალსაზრისით მაღალია ჩარიცხვები ბოლო პერიოდში და ეს ხელს უწყობს საქართველოში მონეტარული ბალანსის შექმნას, რაც აისახება სავალუტო კურსზეც.
დღეის მდგომარეობით ეს სურათია, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მომავალში. მიმდინარე პროცესები იმდენად სწრაფად ცვალებადია, რომ რთულია ზუსტი პროგნოზის დასმა და გათვლა იმისა, როგორი უნდა იყოს მეორე კვარტლის შედეგები“, -აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკის კვარტალური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3.3%-ით გაიზრდება. შედარებისთვის, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 28.9% იყო, რაც ე.წ. საბაზისო ეფექტით იხსნებოდა.
დოკუმენტში მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის და გამოცოცხლებული საგარეო ვაჭრობის შენარჩუნებით არის ახსნილი.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დაშვებით ტურიზმის მოცულობა მეორე კვარტალში დაახლოებით 2.4-ჯერ გაიზრდება. ამავე დროს გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც.
დოკუმენტის მიხედვით, ასევე გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, ისე ინვესტიციების მოცულობა, რაც მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას განაპირობებს. პროგნოზის განმსაზღვრელ კიდევ ერთ არგუმენტად, ვაჭრობის გაუმჯობესება სახელდება.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.4%-ით გაიზარდა.




























