საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, სებ-ი ინფლაციის შემცირებას 2022 წლის მარტიდან პროგნოზირებს. მისი თქმით, იქამდე შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება.
"ჩვენ 4 აგვისტოს გვექნება მონეტარული პოლიტიკის სხდომა და ამ დროს გამოვაქვეყნებთ ჩვენ განახლებულ პროგნოზებს. ინფლაციის პროგნოზი იქნება დაახლოებით 8%-9%-ის ფარგლებში და მომავალი წლის მარტიდან უნდა დაიწყოს ინფლაციის მკვეთრი შემცირება.
ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შევინარჩუნებთ და თუ იქნება გამკაცრების საჭიროება, მას გავაკმაცრებთ კიდეც. თუკი ისე განვითარდა სცენარი, როგორც დღეს ვვარაუდობთ, მაშინ რამდენიმე თვის შემდეგ დავიწყებთ ეტაპობრივად შემცირებას,"- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ივნისში საქათველოში ინფლაციამ 9.9% შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია. კითხვაზე აქვს თუ არა გავლენა ინფლაციის დონეზე საბიუჯეტო დეფიციტის დონეს, მესტვირიშვილი პასუხობს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება ინფლაციის დონის შემცირებისთვისაც მნიშვნელოვანია.
"ჩვენთვის ინფლაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თუ რამდენი იქნება მთლიანი დეფიციტი და დეფიციტს კლების ტენდენცია აქვს. მომავალი წლისთვის დეფიციტი იქნება 4.4%. თუ კიდევ უფრო მეტად შემცირდება დეფიციტი ამასაც დადებითი გავლენა ექნება ინფლაციაზე.
ჩვენ ამჟამად გვაქვს საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რაც უფრო დაბალი იქნება ბიუჯეტის დეფიციტი, მით მეტად გვექნება ჩვენ შესაძლებლობა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შევარბილოთ. ეს თავისმხრივ ნიშნავს უფრო ნაკლებად გაძვირებულ სესხებს,"- ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.




























