მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი მონეტარული პოლიტიკა უფრო ადრე გამკაცრდებოდა, ახლა დეფლაცია იქნებოდა - მესტვირიშვილი

646e24bd2c765
შოთა ტყეშელაშვილი
24.05.23 18:56
705
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ თუკი სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას 2021 წლიდანვე დაიწყებდა, მაშინ წელს ქვეყანაში 2.7%-იანი ინფლაციის ნაცვლად, 2.7%-იანი დეფლაცია იქნებოდა. თუმცა, მისი თქმით, ეს ნაბიჯი ეკონომიკის სხვა პარამეტრებზე მოახდენდა ნეგატიურ გავლენას, მათ შორის ქვეყანას უფრო დაბალი ზრდა ექნებოდა.

ამასთან, მესტვირიშვილი აცხადებს, რომ სებ-ი წინასწარ ვერ განსაზღვრავდა იმას, რომ 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა და შესაბამისად, მიწოდების ჯაჭვების რღვევის გამო ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდებოდა.

მონეტარული პოლიტიკის შესახებ არჩილ მესტვირიშვილს კითხვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პარტია "გირჩის" დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა დაუსვა. 

“2021 წელს დავიწყეთ საპროცენტო განაკვეთების ზრდა, განვითარებულმა ბაზრებმა კი 2022 წელს დაიწყეს. მათთან შედარებით, ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ. მოლოდინი იყო, რომ 2022 წელს ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებდა შემცირებას, ჩვენ არ გვქონდა პროგნოზში, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას.

ამან შეცვალა ეკონომიკური გარემო მსოფლიოში და სხვა ცენტრალურმა ბანკებმაც დაიწყეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. სებ-ის საბჭო იკრიბება 8-ჯერ, რათა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც ვიკრიბებით იმ პერიოდში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. რომ გვცოდნოდა რა მოხდებოდა, 2022 წელს ჩვენც და ალბათ სხვა ცენტრალური ბანკებიც უფრო ადრე დაიწყებდნენ პოლიტიკის გამკაცრებას, თუმცა იმ მომენტში ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, ისევე როგორც სხვა ცენტრალური ბანკებისთვის. 2021-2022 წლებში ინფლაცია გამოიწვია მიწოდების ჯაჭვების რღვევამ, მათ შორის ტრანსპორტირების ფასების შოკმა ჩინეთიდან ევროპაში, როდესაც ის 6-ჯერ იყო გაზრდილი. ამჟამად დაბრუნებულია მის ძველ მაჩვენებლებზე. ამასთან, ხდება დეგლობალიზაცია. არის მნიშვნელოვანი გლობალური ფაქტორები, რაც იწვევს გლობალურ ინფლაციას. ჩვენ ამაზე სწრაფად ვრეაგირებთ, რადგანაც ჩვენ უფრო მეტად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, ვიდრე სხვა ქვეყნები. ჩვენ შემდეგ თვეებში გვექნება საკმაოდ დაბალი ინფლაცია, ჩვენ რომ ზედმეტად გაგვემკაცრებინა განაკვეთი, ახლა გვექნებოდა დეფლაცია და დაბალი ეკონომიკური ზრდა. კურსის გამყარებაც, რასაც აქვს ადგილი იმ დროებითი ნაკადებიდან გამომდინარე რასაც აქვს ადგილი რუსეთიდან, თავისთავად ჩვენს ეკონომიკას პრობლემებს უქმნის, როგორც სიკეთე მოაქვს გარკვეული მიმართულებითვის, გარკვეულ მიმართულებას პრობლემებს უქმნის და ამის დაბალანსებასაც ჩვენ ვცდილობთ.

შესაბამისად, უფრო ადრე რომ გაგვემკაცრებინა პოლიტიკა, ახლა ინფლაცია 2.7%-ის ნაცვლად, გვექნებოდა -2.7%-ის დეფლაცია,”- აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები