მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფლაცია მომდევნო თვეებში 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის შემცირდება - TBC Capital

ინფლაციის ზრდა

"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.

მაკროეკონომიკურ განახლებაში აღნიშნულია, რომ სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ზრდას განაგრძობს და აგვისტოში 4.6%-ს მიაღწია, რაც კვლავ მათ პროგნოზებთან თანხვედრაშია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივად წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები აგვისტოში 6.6%-მდე აჩქარდა, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, 4-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დადებითი იყო იმპორტული ინფლაცია.

"თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ წლიურთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით (პპ) ნაკლები, 3.5% შეადგინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოში ინტერნეტის გადასახადის შემცირების ერთჯერადი ეფექტი ამოიწურა. უფრო მეტიც, ინტერნეტის გადასახადი ივლისთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში მთლიანი ინფლაციის 0.2 პპ-ით და მომსახურების ინფლაციის 1.2 პპ-ით ზრდა გამოიწვია. შედეგად, მომსახურებაზე ფასები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, ასევე მოლოდინების შესაბამისად. მომსახურების ფასების ზრდის ტემპი აჩქარებულია თვიურ ჭრილშიც, რაც ინფლაციაში კვლავ ადგილობრივი ფაქტორების მზარდ როლზე მიუთითებს.

ინტერნეტის გადასახადის ეფექტის მილევის შემდგომ, ერთჯერადი ფაქტორები, რომლებიც 2024 წლიდან ინფლაციის შემცირებას განაპირობებდა, უკვე სრულად ამოწურულია. პირიქით, ამჯერად ერთჯერადი ფაქტორები უკვე ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოქმედებს, რაც პურსა და იმპორტულ სიგარეტზე (აქციზის განაკვეთის ზრდის შედეგად) ფასების მატებით არის გამოწვეული. აღნიშნულმა აგვისტოში ინფლაცია, დაახლოებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სიგარეტის შემთხვევაში, ეს ეფექტი მომდევნო წლის იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო, პურის შემთხვევაში, აპრილამდე. ამასთან, აგვისტოში საწვავზე ფასების წლიური კლებით გამოწვეული დისინფლაციური ეფექტი მნიშვნელოვნად შესუსტდა, რაც ბოლო ორ თვეში საწვავზე ფასების ზრდით არის განპირობებული.

პროდუქტების წარმოშობის მხრივ, ადგილობრივად წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები აგვისტოში 6.6%-მდე აჩქარდა, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, სეზონურად შესწორებულმა გაწლიურებულმა ინფლაციამ კი 7.9% შეადგინა. 4-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დადებითი იყო იმპორტული ინფლაცია, რომელმაც აგვისტოში წლიურად 0.8%-ს მიაღწია, ხოლო, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა - 5.2%-ს. იმპორტული ინფლაციის დინამიკა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, როგორც ადრეც აღინიშნა, ამ არხიდან ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები