საფონდო ბირჟების, ვალუტის კურსის, კრიპტოაქტივების, ნავთობის, ოქროს თუ სხვა ნებისმიერი აქტივის ფასს ყველაზე მეტად ერთი ადამიანი აკონტროლებს და მისი სახელი ჯერომ პაუელია. ეს კაცი ერთი უწყების ხელმძღვანელია, რომელიც ფედერალური რეზერვის სახელითაა ცნობილი, ან შემოკლებით FED-ის. თავად ეს უწყება ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს და დოლარის ბედ-იღბალს სწორედ ის წყვეტს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფედერალური რეზერვი პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტია, ჯერომ პაუელი კი - მისი ხელმძღვანელი.
ცოტა ხნის წინ, პაუელმა 60 Minutes-ის წამყვანთან, სკოტ პელისთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის დეტალებს დღეს გაგიზიარებთ:
პირველ რიგში, პაუელი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ინფლაციაზე საუბრობს და პასუხობს შეკითხვას - საბოლოოდ დაიძლია თუ არა ის?
„მთლად ასე თამამად არ ვიტყოდი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფლაცია საგრძნობლად შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა კი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფიქსირდება. ამ მიმართულებით ნამდვილად სერიოზული პროგრესი გვაქვს, თუმცა ჩვენი სამუშაო ამით არ დასრულებულა. ჩვენ ბოლომდე ვაგრძელებთ მოვალეობის შესრულებას და საზოგადოების კეთილდღეობისათვის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას“.
შეკითხვაზე იყო თუ არა ფედერალური რეზერვი 2021 წელს ზედმეტად ნელი და მისი ქმედება დაგვიანებული, პაუელი პასუხობს, რომ FED-ის ქმედება ნამდვილად არ იყო ისეთი დროული, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ამან, გარკვეულწილად, ინფლაციის გაქცევა გამოიწვია.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, უკეთესი იქნებოდა, მონეტარული პოლიტიკა უფრო ადრე გაგვემკაცრებინა. თუმცა, მაშინ ვფიქრობდით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა თავისით გამოსწორდებოდა, ზედმეტი ჩარევის გარეშე. ასევე გვეგონა, რომ ინფლაცია თავისით გაქრებოდა, მაგრამ 2021 წლის მეოთხე კვარტალში ნათელი გახდა, რომ ინფლაცია არ იყო დროებითი გამოწვევა და ის თავისით არც არსად წავიდოდა. სწორედ ამიტომ, FED-მა დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. FED-ის ჩარევის გარეშე, ინფლაციას უბრალოდ ვერაფერი შეაჩერებდა. დღეს თუ ინფლაცია იკლებს, ეს სწორედ FED-ის ინტერვენციის დამსახურებაა“.
ცხადია, FED-ის ხელმძღვანელმა სამომავლო სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
„არა მგონია, რომ FED-ის კომიტეტი განაკვეთის შემცირებას მარტში დაუჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, კომიტეტის თითქმის ყველა წევრი თანხმდება, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან უნდა დავიწყოთ“.
ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელზეც პაუელმა ისაუბრა, ამერიკის სახელმწიფო ვალს უკავშირდებოდა. FED-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ის, რასაც ამერიკის მთავრობა აკეთებს, არამდგრადია, რადგან ქვეყანა ყოველწლიურად იმაზე უფრო მეტ ვალს იღებს, ვიდრე მისი ეკონომიკა იზრდება.
„ჩემი შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამერიკა სახელმწიფო ვალთან მიმართებით არამდგრად კურსზე იმყოფება. ფედერალური მთავრობის ფისკალური პოლიტიკა არამდგრადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის მოცულობა გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა, რაც არ შეიძლება. ცხადია, ეს ფაქტი მაწუხებს, რადგან ჩვენი მთავრობა ვალს მომავალი თაობისგან იღებს, ეს პროცესი კი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. დროა, მთავრობა ფისკალური მდგრადობის სტრატეგიას დაუბრუნდეს და ვალის მოცულობა გაკონტროლდეს“, - აცხადებს აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი.