მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია სამიზნეს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება - თიბისი კაპიტალი

ინფლაცია

ინფლაცია სამიზნეს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება - ასეთია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის მოლოდინი ქვეყანაში ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებული მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.

მიმოხილვის ავტორის შეფასებით, მსოფლიოში ნავთობის ფასების გაძვირება და ასევე რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, ლარისთვის ახლო მომავალში შედარებით პოზიტიური ფაქტორია.

„საყურადღებოა, რომ ლარის მიმდინარე საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა. აღნიშნული არა იმდენად გასულ კვირაში ლარის მცირედი გაუფასურების, რამდენადაც აგვისტოში, საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში მოსალოდნელზე საშუალოდ უფრო მაღალი ინფლაციის შედეგია. შესაბამისად, ლარის საშუალო კურსიდან გამომდინარე, ჩვენს ადრინდელ, გარკვეულწილად, მაგრამ მაინც პესიმისტურ, მოლოდინს უფრო ნეიტრალურისკენ ვცვლით. უფრო მეტიც, ნავთობის საერთაშორისო ფასების ბოლოდროინდელი გაძვირება, რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვასთან ერთად, ინფლაციაზე ზეგავლენიდან გამომდინარე, ლარისთვის ახლო მომავალში შედარებით პოზიტიური ფაქტორია. ჩვენი აზრით, არა იმ მასშტაბით, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი არსებითად შეიცვალოს, არამედ უფრო იმ კუთხით, რომ ინფლაცია სამიზნეს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება. ეს კი, თავის მხრივ, ლარის დამატებით გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია.

მთლიანობაში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი გადასახედიდან, მომდევნო დაახლოებით 12 თვეში ჩვენი ადრინდელი, მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურების საბაზო სცენარი, უფრო ნეიტრალურისკენ იცვლება“, - ნათქვამია თიბისის ყოველკვირეულ მიმოხილვაში მთავარი ეკონომისტისგან.

ცნობისთვის: 2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს ტიპის მზარდი ეკონომიკისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. 

ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა - თიბისის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები