თიბისის მიერ დღეს გამოქვეყნებული მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირაში სებ-ის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს ნეგატიური სენტიმენტების საპირწონე დატვირთვა ჰქონდა. თიბისის მთავარი ეკონომისტის შეფასებით ინფლაცია სამიზნეს მაჩვენებელს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება.
„გასულ კვირაში, ლარის მცირედი გაუფასურება დაფიქსირდა. ამასთან, კვირის ბოლოს დინამიკა შეიცვალა და ლარმა გამყარება დაიწყო. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიწოდების გარდა, ინტერვენციების საჯარო აუქციონის გზით ჩატარებას, ნეგატიური სენტიმენტების ერთგვარი საპირწონე დატვირთვაც ჰქონდა. მაშინ როდესაც, ტრადიციულად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება და ეს აშშ დოლარის ჭარბი მიწოდების გაგრძელების არგუმენტია. მნიშვნელოვანია, რომ გასულ ერთ წელიწადში ან მცირედით მეტ პერიოდში სებ-მა თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა. სიმარტივისთვის, ეს ოდენობა შეგვიძლია ჭარბ მიწოდებად ჩავთვალოთ. ამდენად, ლარის კურსზე ნეგატიური ზეგავლენისთვის, სამომავლოდ ამ მხრივ მკვეთრი ცვლილებაა საჭირო, რაც ჩვენ მიერ საბაზო სცენარად არ განიხილება. ამასთან, საყურადღებოა, რომ ლარის მიმდინარე საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა. აღნიშნული არა იმდენად გასულ კვირაში ლარის მცირედი გაუფასურების, რამდენადაც აგვისტოში, საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში მოსალოდნელზე საშუალოდ უფრო მაღალი ინფლაციის შედეგია. შესაბამისად, ლარის საშუალო კურსიდან გამომდინარე, ჩვენს ადრინდელ, გარკვეულწილად მაგრამ მაინც პესიმისტურ, მოლოდინს უფრო ნეიტრალურისკენ ვცვლით. უფრო მეტიც, ნავთობის საერთაშორისო ფასების ბოლოდროინდელი გაძვირება, რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვასთან ერთად, ინფლაციაზე ზეგავლენიდან გამომდინარე, ლარისთვის ახლო მომავალში შედარებით პოზიტიური ფაქტორია. ჩვენი აზრით, არა იმ მასშტაბით, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი არსებითად შეიცვალოს, არამედ უფრო იმ კუთხით, რომ ინფლაცია სამიზნეს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება. ეს კი, თავის მხრივ, ლარის დამატებით გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია.
მთლიანობაში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი გადასახედიდან, მომდევნო დაახლოებით 12 თვეში ჩვენი ადრინდელი, მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურების საბაზო სცენარი, უფრო ნეიტრალურისაკენ იცვლება“, - ნათქვამია თიბისის ყოველკვირეულ მიმოხილვაში მთავარი ეკონომისტისგან.