მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის ახლანდელი გაუფასურება განწყობას უკავშირდება, სავალუტო შემოდინებები ძლიერია - ნადარაია

ოთარ ნადარაია

ბოლო ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა ღია აუქციონზე 70 მლნ დოლარი გამოიტანა გასაყიდად და 57 მლნ დოლარი გაყიდა.

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი სავალუტო შესყიდვებს ძირითადად Bmatch პლატფორმის მეშვეობით ახორციელებდა და 2023 წლის 7 თვეში სებ-ის მიერ ამ პლატფორმის მეშვეობით სავალუტო შესყიდვების ზომა მილიარდი დოლარს აჭარბებს. ინტერვენციის მიუხედავად, 21 სექტემბერს ლარი გაუფასურდა.

სებ-მა სავალუტო ღია აუქციონები მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა. ნათია თურნავას მიერ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.

"თიბისის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს, რის გამოც მოქალაქეების ნაწილს ლარში განთავსებული დეპოზიტები დოლარში გადააქვთ.

ნადარაია ასევე ამბობს, რომ ამ ვითარებაში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ღია აუქციონზე გაყიდოს დოლარი, სწორია და ბაზარზე პოზიტიურ მოლოდინს ქმნის.

“მაკროეკონომიკური ფონი სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით ძლიერია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. ახლანდელი ვითარება განწყობის საკითხია, რადგან განვითარებული მოვლენები ყველამ ნეგატიურად აღიქვა. საუბარი მაქვს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში შეტანილ ცვლილებაზე, ისე ვიცე-პრეზიდენტების გადადგომაზე. ბუნებრივია, გარკვეულმა ნაწილმა ქვეყნის შიგნით და გარეთაც ჩათვალა რომ ამას ლარის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვება. ასეთ დროს ვიცით რაც ხდება. კერძოდ ის, რომ დეპოზიტები უფრო მეტად ლარიდან დოლარში გადადის, რაც თავისთავად სავალუტო ბაზარზე ზეწოლაა. ცალსახად ამას ვუკავშირებ იმ გაუფასურებას, რაც ამ დღეებში ვიხილეთ. როგორც წესი როცა ლარი უფასურდება ლარში განთავსებული დეპოზიტები დოლარში ან ევროში გადააქვთ ხოლმე. ასევე სესხების გალარება ხდება, ანუ სავალუტო სესხების ლარში გადატანა.

ვფიქრობ, დამამშვიდებელი ეფექტის კუთხით [ინტერვენციები] სწორი გადაწყვეტილებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერვენცია საჯარო აუქციონით მოხდა, შესაძლოა Bmatch პლატფორმაზეც იყო, მაგრამ მათ შესახებ რეალურ დროში ოპერატიული ინფორმაცია არ გვაქვს. საჯარო აუქციონის უპირატესობაც ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა გაუფასურების განწყობებს რეზერვების გაყიდვა დაუპირისპირა", - აცხადებს ნადარაია.

მისივე თქმით, უკვე კარგა ხანია თიბისი კაპიტალის სცენარი ლარის მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს, ვიდრე გამყარებას.

"თუმცა განვითარებული მოვლენების გამო, ახლო მომავალში მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინი არ გვაქვს, რადგანაც ნეგატიური სენტიმენტების დიდწილად მაინც განეიტრალებისას, ვფიქრობ, სავალუტო ბაზარი დოლარის ჭარბი მიწოდების ფაზაში დაბრუნდება. გუშინდელ და დღევანდელ ტენდენციას თუ შევხედავთ, შესაძლოა ეს უკვე ასეც არის. ამასთან, ასევე გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში ევროს დოლარის მიმართ გაუფასურება, რაც ტრადიციულად ლარისთვის ნეგატიური ფაქტორია", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები