„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, დაახლოებით ბოლო 10 დღეა ლარის კურსთან დაკავშირებით სენტიმენტების ცვლილება შეიმჩნევა და გაუფასურების მოლოდინები, რომლებიც წინასაარჩევნოდ არსებობდა, შემცირებულია. ამის შესახებ ეკონომისტმა BMG-ის, ეროვნული ბანკის ინტერვენციების შეფასებისას განუცხადა.
ოთარ ნადარაიას თქმით, სწორედ ლარის კურსის გაუფასურების მოლოდინმა განაპირობა კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ არჩევნებამდე დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შესყიდვა, თუმცა ეს კურსზე მკვეთრად არ ასახულა, ვინაიდან საგარეო შემოდინებებით და ეროვნული ბანკის ინტერვენციებით განეიტრალდა.
„ჩვენს არაერთ პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რეკორდულად გაიზარდა ვალუტის შესყიდვები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ე.წ. სენტიმენტების და მოლოდინების ფაქტორს. თუ სენტიმენტები არის ისეთი, რომ შეიძლება ლარი გაუფასურდეს, ბუნებრივი ქცევაა, რომ ვისაც აქვს ამის საშუალება ვალუტას, ამ შემთხვევაში დოლარს და ევროს, ყიდულობს.
აქ საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, თუმცა ჩვენ ლარის კურსის მატერიალური ცვლილება ვერ ვნახეთ, რადგან ეს შესყიდვები მნიშვნელოვანწილად დაბალანსდა პირველ რიგში სავალუტო შემოდინებებით - ვიცით, რომ ტურიზმის ინდუსტრია ძლიერია, ასევე, თავისთავად ეროვნული ბანკის ინტერვენციებით.
ჩვენი დაკვირვებით, დღესდღეობით ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ გაუფასურების მოლოდინები ისეთი აღარ არის, ანუ დოლარის შესყიდვები დაახლოებით ბოლო 10 დღეა შეჩერებულია. ზოგიერთ ჩვენგანს თუ ჰქონდა განცდა რომ ლარი გაუფასურდებოდა და ამიტომ ვალუტას ყიდულობდა, დღეს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს განცდა ნალებად აქვს და ბოლო დღეების ინფორმაციით, ჩემი დაკვირვებით, არის ერთგვარი შემოტრიალება, ანუ პირველი ნიშნები არის იმის, რომ არა მხოლოდ ვალუტის შესყიდვა აღარ ხდება, არამედ უკვე ხდება ბაზარზე ვალუტის მიწოდება“,- განმარტავს ოთარ ნადარაია.
შეცვლილი სენტიმენტების მიუხედავად, ეკონომისტი ლარის მნიშვნელოვან გამყარებას არ ელის. რაც შეეხება სებ-ის რეზერვებს, ნადარაიას თქმით, უნდა ველოდოთ, რომ სებ-ის მხრიდან უფრო მეტად შესყიდვები იქნება.
„გარკვეული გამყარება საბაზო სცენარია, თუმცა თუ დოლარი საერთაშორისო ბაზრებზე არ დასუსტდა და იცით, რომ პირიქითაა - გამყარდა დოლარი. ვფიქრობ, რომ ვალუტის მიწოდება ბაზარზე უკვე უფრო მეტად ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებში აისახება და თუ აქამდე უფრო მეტად გაყიდვები იყო, რა თქმა უნდა ახლა იქნება საპირისპიროდ - შესყიდვები“, - ამბობს ოთარ ნადარაია.
როგორც „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რეზერვების დაფიქსირებული კრიტიკული არ ყოფილა და ამასთან, მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ რეზერვების შევსება მალე დაიწყება, შესაბამისად, ეკონომისტი არ ფიქრობს, რომ რეზერვების გამო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის შეფასება შეიცვლება.
„არ ვფიქრობ, რომ მარტო ამ ფაქტორის გამო მოხდება სარეიტინგო სააგენტოს შეფასების ცვლილება. როგორც აღვნიშნე, ჩვენი საბაზო სცენარია, რომ უკვე თუ არაა დაწყებული, სავარაუდოდ, ძალიან მალე დაიწყება რეზერვების შევსება. მეორე, მართალია ინტერვენციები მნიშვნელოვანი იყო, თუმცა სხვა ქვეყნების მაგალითს თუ ავიღებთ და შევადარეთ რამდენი იყო რეზერვები და რამდენი დარჩა, ობიექტურად ამას კრიტიკულ დაკლებას ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვუწოდებდი“,- აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
შეგახსენებთ, 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.
Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა არვინდ რამაკრიშნანმა „ანალიტიკა“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეზერვების ადეკვატურობის ნიშნული დარღვეულია, ვინაიდან სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, რეზერვების მოცულობა მიმდინარე ანგარიშის გადახდების მხოლოდ 2.6 თვეს ფარავს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებულ მინიმალურ ზღვარზე - 3 თვეზე დაბალია.
საკითხზე "ანალიტიკას" კითხვას უპასუხა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა და განაცხადა, რომ სებ-მა ინტერვენციები მოლოდინების მართვისთვის განახორციელა, რათა კურსის გაუფასურებას უფრო მეტი მოლოდინი და აჟიოტაჟი არ გაეჩინა ბაზარზე. დავით უტიაშვილის თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერ პოზიციებზე ნარჩუნდება და ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს.
"თუ კურსი გაუფასურდებოდა, შესაძლოა ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინტერვენცია დაგვჭირვებოდა და პროაქტიულად ჩავერიეთ ბაზარზე, რათა ეს არ გადაზრდილიყო კიდევ უფრო მეტ მერყეობაში.
ველით რომ იქნება კარგი სავალუტო შემოდინებები და ჩასაფრებული ვართ რომ შევიძინოთ. როცა ამის შესაძლებლობა მოგვეცემა ჩვენ შევიძენთ რეზერვებს",- განაცხადა დავით უტიაშვილმა.