მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეზერვების ადეკვატურობის ნიშნული დარღვეულია“ – Fitch Ratings

არვინდ რამაკრიშნანი

„სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, რეზერვების მოცულობა მიმდინარე ანგარიშის გადახდების მხოლოდ 2.6 თვეს ფარავს. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებულ მინიმალურ ზღვარზე - 3 თვეზე დაბალია. რეზერვების ადეკვატურობის ნიშნული დარღვეულია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს საკრედიტო რეიტინგის სისუსტეა“, - ეუბნება Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი არვინდ რამაკრიშნანი „ანალიტიკა“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.

არვინდ რამაკრიშნანი ამბობს, რომ გარე ბალიშები ქვეყნისთვის რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, მაგალითად: დააფინანსოს იმპორტი; მოემსახუროს საგარეო ვალს. “ამ ფაქტორების მიხედვით, საქართველო ჩამოუვარდება მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს და ამას სტრუქტურული მიზეზი აქვს“ - ეუბნება Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი „ანალიტიკა“-ს.

არვინდ რამაკრიშნანის შეფასებით, მთავარი სტრუქტურული მიზეზი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ინარჩუნებს. „თუ საქართველო მოახერხებს, რომ მიმდინარე ანგარიშის უფრო მცირე დეფიციტი ჰქონდეს, ის შეძლებს პოტენციალის რეალიზებას: თავისი რეზერვების გაზრდას დროთა განმავლობაში და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას - ეს ყველაფერი დადებით გავლენას მოახდენს რეიტინგზე“, - ამბობს არვინდ რამაკრიშნანი.

2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები