„ანალიტიკა“-მ Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელთან არვინდ რამაკრიშნანთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. არვინდ რამაკრიშნანს ჩვენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმის გამოყენების პრაქტიკის შეფასება ვთხოვეთ.
Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ კონკრეტული პლატფორმის შეფასებისგან თავს იკავებდა, თუმცა აღნიშნა: „ზოგადად, მეტი გამჭვირვალობა ცენტრალური ბანკების მხრიდან და ძირითადი ინსტიტუციების მხრიდან ჩვენს მიერ აღქმულია, როგორც პოზიტიური სიგნალი“.
2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.
არვინდ რამაკრიშნანი „ანალიტიკა“-სთან განმარტავს, რომ მონაცემების ხარისხი და მათი გამჭვირვალედ გაცემა - დადებითი ფაქტორია. „მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მეტი გამჭვირვალობის შეთავაზება მეტი შედეგის მომტანია მოცემულ ვითარებაში“ - ამბობს Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი „ანალიტიკა“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.