„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოს მიმართ ნდობის გაზრდას უკავშირდებოდა. ეს პროგრამა თავიდანვე სათადარიგო პროგრამად იყო ჩაფიქრებული. მიგვაჩნდა, რომ საქართველო მართლაც არ აპირებდა ამ თანხის გამოყენებას, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. ამ პროგრამის დანიშნულება იყო [მაკროეკონომიკური] პოლიტიკის ხარისხის ნიშანი“ - ასე ეხმიანება Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი არვინდ რამაკრიშნანი „ანალიტიკა“-ს ავტორისა და წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, IMF-ის პროგრამის გაჩერებასთან დაკავშირებით. უკვე ერთი წელია, პროგრამა დასრულებული არ არის, თუმცა მისი გამოყენება საქართველოს შეზღუდული აქვს.
IMF-ის პროგრამის შეჩერების შესახებ სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნულ ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერის შეცვლა სწორედ ასეთ საკითხს წარმოადგენდა.
„ანალიტიკა“-ს ავტორისა და წამყვანის კითხვაზე - 280 მილიონიან პროგრამაზე ვსაუბრობთ, რომელიც სესხად არ სჭირდებოდა ხელისუფლებას, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ რეზერვების პოლიტიკა ასე გაგრძელდება, სებ-ს შეიძლება დასჭირდეს IMF-ის მხარდაჭერა? - არვინდ რამაკრიშნანი ამბობს, რომ პროგრამის შეჩერების მიუხედავად, Fitch Ratings-ს არ შეუნიშნავს რაიმე დისტრესი, რაც ეკონომიკას მიადგა.
„დიახ - რეზერვების მოცულობა დაბალია, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ კრიზისის მყისიერ რისკს. მაგალითად: ჩვენ ვერ ვხედავთ მნიშვნელოვანი კაპიტალის გადინებას ქვეყნიდან. ვთქვათ, უცებ რომ ადგნენ ათასობით რუსები და უკრაინებლები და თავიანთი ფული გაიტანონ ქვეყნიდან - ეს ნამდვილად იქნებოდა უდიდესი წნეხი ლარზე, მაგრამ დღეს ეს არ ხდება. ამ მომენტისთვის, რაიმე რისკები რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს კონკრეტულად IMF-ის პროგრამის შეჩერებიდან ძალიან მცირეა“ - ამბობს Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი „ანალიტიკა“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
დაახლოებით ერთი თვის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუელმა ასეთი განმარტება გააკეთა, როცა ვკითხეთ, რამდენად მზად იყო IMF-ი მხარი დაეჭირა სებ-ისთვის, თუ ამის საჭიროება დადგებოდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ასესხოს საქართველოს, თუკი საქართველოს ხელისუფლება დაასრულებს მიმოხილვას. როგორც თქვენც აღნიშნეთ, პროგრამა შეჩერებულია, თუმცა არ არის დასრულებული – ვადა მომავალი წლის ივნისამდეა. ბოლო მიმოხილვა 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. იმისთვის, რომ შემდეგი მიმოხილვა დასრულდეს, ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ის რეფორმები, რაზეც შევთანხმდით პროგრამის ფარგლებში. ნებისმიერი ახალი სესხი უნდა დაამტკიცოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ. კიდევ ერთი გზაა, საქართველოს ხელისუფლებამ ახალი პროგრამა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში დაიწყება დისკუსია რეფორმების ახალ პაკეტთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა იღოს ხელისუფლებამ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის სესხებას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალ პროგრამას დაამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო“ - მოგვწერა ენდრიუ ჯუელმა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $1 მილიარდი დოლარით შემცირდა. საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ამ დონეზე ბოლოს 2022 წლის ივლისში იყო.