"ეს კანონი ჩვენი დაკვირვების ქვეშაა" - ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკას" Fitch Ratings-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, არვინდ რამაკრიშნანმა ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. "ანალიტიკამ" მას ჰკითხა, თუ რატომ არ გამახვილდა ყურადღება ე.წ. ოფშორების კანონზე Fitch-ის ანგარიშში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, რაზეც Fitch Ratings-ის წარმომადგენელმა აღნიშნა:
"ჩვენ განვიხილეთ და გავითვალისწინეთ ეს კანონიც. მაგრამ თუ შეხედავთ, რას ვითვალისწინებთ, როგორც რეიტინგის მთავარ დრაივერებს – ეს კანონი ამ ჩამონათვალში ვერ ხვდება. გაზრდილი პოლიტიკური რისკები, მაკროეკონომიკური ჩარჩოს სიჯანსაღე, სებ–ის დამოუკიდებლობასთან არსებული კითხვები, სუსტი გარე ფინანსები – მაგრამ თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, ეს კანონი ჩვენი დაკვირვების ქვეშაა".
ამასთან, როგორც არვინდ რამაკრიშნანმა განაცხადა, ამ კანონის ინტერპრეტირება სხვადასხვა გზით შეიძლება, - "პირველი – სხვა თანაბარ პირობებში, აქტივების საქართველოში გადმოტანამ შეიძლება გააუმჯობესოს საქართველოს აქტივების საგარეო პოზიცია – ეს არ არის ისეთი ფაქტორი, რომლის ადვილად უგულებელყოფაც უნდა მოხდეს. თუმცა, მეორე მხრივ, არის წუხილები, რომლებიც მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაახმოვანა, რომ საგადასახადო შეღავათები ზედმეტად გულუხვია მათთვის, ვინც თავიანთი აქტივების რეპატრიაციას მოახდენს საქართველოში. ეს ნამდვილად შეიძლება იყოს მმართველობის პრობლემური საკითხი. ამასთან, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს უკვე კორუფციის თემებს, რეტრო–აქტიურად ადამიანების პატიებას აქტივების კორუფციული გზებით ოფშორებში შენახვასთან დაკავშირებით. ამაზე უფრო დეტალური კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", - აღნიშნა Fitch Ratings-ის წარმომადგენელმა და შეჯამებისას დასძინა, რომ დღეს ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი არ არის Fitch-ის რეიტინგის მთავარი დრაივერი, მაგრამ საერთშორისო სარეიტინგო კომპანია, მას თვალყურს ადევნებს.