საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21 ოქტომბრის სხდომაზე ინფლაციის პროგნოზი გაზარდა, თუმცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად შეინარჩუნა. მიუხედავად ამისა, "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, წინა სხდომებთან შედარებით პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები საგრძნობლად გაძლიერებულია, რაც დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდის ალბათობას ზრდის.
ცნობისთვის, მაკროეკონომიკური განახლება გუშინ, 2 ნოემბერს გამოქვეყნდა. საქსტატის მიერ დღეს, 3 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით კი ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა. ეს სექტემბრის წლიურ ინფლაციასთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის ზრდაში 2.54-ის წვლილი შეიტანა საწვავის გაძვირებით ტრანსპორტის სექტორში გაზრდილმა ფასებმა, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 21.9%-ით არის მომატებული.
საინვესტიციო ბანკში ეროვნული ბანკის მხრიდან შესაძლო გამკაცრების მთავარი მიზეზი შიდა ინფლაციური წნეხის მატება და გლობალურად გამკაცრებულ ფინანსურ პირობებს ასახელებენ. ოქტომბერში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები უცვლელად დატოვეს, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე დეკემბერში ორივე ცენტრალური ბანკის მხრიდან განაკვეთების ზრდას მოელიან.
კაპიტალი წერს, რომ სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ფასების ზრდის ძირითადი ტენდენცია გაძლიერებულია. მათი განმარტებით, უმაღლესი განათლების საფასურის მკვეთრი შემცირების ერთჯერადი ეფექტის გარეშე:
- წლიური ინფლაცია 6.3% იქნებოდა;
- საქსტატის საბაზო ინფლაცია 3.7%-ის ნაცვლად 5.1% გახდებოდა;
- მომსახურების ინფლაცია 3.7%-ის ნაცვლად 6.6%-ს მიაღწევდა.
"ინფლაციის ძირითადი ტენდენციის საზომების უმეტესობა 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. განსაკუთრებით გაძლიერებულია მომსახურების გაძვირება, რაც მაღალი ინფლაციის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების რისკებს ქმნის. საპირისპიროდ, შემაკავებელი მიმართულებით მოქმედებს საქონლისა და საკვების ფასების ზრდის შენელება.
ფასების დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალური ბაზრებიც. ოქტომბერში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო თვიურმა ფასმა წლის მაქსიმუმს მიაღწია და ამჟამად ბარელზე დაახლოებით 110 აშშ დოლარად ივაჭრება, რაც სცილდება საბაზო სცენარით გათვალისწინებულ 80-85 დოლარიან ნიშნულს. ასევე გაზრდილია სურსათის გლობალური ფასების ინდექსი, თუმცა საგრძნობლად შემცირდა მარცვლეულის საერთაშორისო ფასი ხორბალი აგვისტოს პიკთან შედარებით 20%-ზე მეტით გაიაფდა".
უმაღლესი განათლების საფასურის კლების ეფექტის გათვალისწინებით, "თიბისი კაპიტალმა" 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზი მცირედით, 6.0%-დან 5.7%-მდე შეამცირა, რადგან აღნიშნულმა ფაქტორმა ნავთობისა და საკვების მხრიდან არსებული დამატებითი ზეწოლა გადაფარა.
























