მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფლაციური წნეხის წყარო გარე შოკებია, თუმცა ეკონომიკურ ზრდას საფრთხე არ ემუქრება - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავა განცხადებით, საქართველოში ინფლაციური წნეხის ძირითადი წყარო გარე ბაზრები და გლობალური შოკებია, რაც განსაკუთრებით გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და მიწოდების ჯაჭვების დარღვევამ გააძლიერა.

ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის გამწვავებამდე ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად უახლოვდებოდა ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს და პროგნოზის შესაბამისად მცირდებოდა, თუმცა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა ვითარება შეცვალა.

„ვიდრე განვითარდებოდა ახალი კონფლიქტი ირანთან დაკავშირებით, ინფლაციის ტრაექტორია დაღმავალი იყო და ეტაპობრივად უახლოვდებოდა 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს. ოქტომბრის შემდეგ ქვევით მოდიოდა და ზუსტად ჩვენი პროგნოზის მიხედვით მოძრაობდა, მაგრამ განვითარებულმა კონფლიქტმა, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, მიწოდების ჯაჭვების რღვევამ, განაპირობა ძალიან დიდი და სერიოზული შოკი მიწოდების მხარეს“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე განმარტებით, შოკი ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრებიდან მოდის, თუმცა გავლენა სხვა სასაქონლო ჯგუფებზეც გავრცელდა, მათ შორის სასუქებზე, მგზავრობისა და სხვადასხვა მომსახურების ხარჯებზე.

სების პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც უკვე გაზარდა როგორც გლობალური, ისე განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ინფლაციური პროგნოზები, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა.

თუმცა თურნავას შეფასებით, საქართველოს შემთხვევაში გლობალური შოკის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე მასშტაბური არ იქნება.

„ჩვენ ვთვლით, რომ გლობალური შოკის ზემოქმედება ჩვენს რეალურ სექტორზე არ იქნება მასშტაბური და ეკონომიკური ზრდის მხარეს არ შეეხება. ასევე არ მოველით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საგრძნობ გაუარესებას, რადგან ექსპორტი იზრდება, აპრილის მონაცემებით ექსპორტის ზრდა 16%-ზე მეტია, ხოლო იმპორტი მცირდება“, - აღნიშნა მან.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა სწორედ გლობალური ფასების დინამიკიდან მომდინარე ინფლაციაა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა პრევენციული ზომები მიიღო.

„როდესაც იზრდება ზოგადად რისკები, ეს მოასწავებს ფინანსური პირობების გამკაცრებას. ჩვენც გადავდგით გარკვეული ნაბიჯი შედარებით ზომიერი გამკაცრება, წმინდა პრევენციული მიზნით, იმისთვის, რომ ვმართოთ მოლოდინები“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის ზრდის ფონზე სხვა ცენტრალური ბანკებიც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გზას დაადგებიან. თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაცია საგრძნობლად გაიზარდა როგორც ევროზონაში, ისე აშშ-ში, რაც დოლარსა და ევროში დაფინანსების ღირებულებაზეც აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები