"ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შოვში სტიქია 2 საათით ადრე დაიწყო, არ ეფუძნება კვლევების შედეგებს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეგვიძლია შევაფასოთ“, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა.
საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალები, რომელშიც აღნიშნულია, რომ კურორტზე ტრაგედიამდე ადრეული მონიტორინგის სისტემების არსებობის შემთხვევაში განგაშის გამოცხადება 2 საათით ადრე იქნებოდა შესაძლებელი.
თავის მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული დასკვნა მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული.
ინფორმაციისთვის, წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში მყინვარიდან მომდინარე საფრთხეების შეფასება და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიაზე (უახლესი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს სატელიტური მასალის ანალიზს) დაყრდნობით გრუნტის გადაადგილების გზით წარმოქმნილი საფრთხის კერების, ასევე, კონკრეტული საფრთხის შემცველი უბნების იდენტიფიცირება, შემდგომ კი, აღნიშნული რისკის დონის მიხედვით პრიორიტეტების დადგენა რისკის ზონებში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
ამ ეტაპზე, კომპანიამ GEOTEST AG გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვლევების პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულა.
„შვეიცარიულმა კომპანიამ, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ჩვენს მყინვარებზე არსებული საფრთხეების შეფასებას, სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. შედეგები ჩვენს სპეციალისტებთან ერთად იქნა განხილული. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად მოხდება ყველა იმ საფრთხის იდენტიფიცირება, რომელიც დღეს ჩვენს მყინვარებზე არის დაფიქსირებული. აქვე აღვნიშნავ, რომ მყინვარების სრულ მონიტორინგთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შოვის ტრაგედიის შესწავლა. დიდი ძალისხმევა ჩავდეთ სრულყოფილი, მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის მომზადებაში. სწორედ ამიტომ, პროცესში ჩავრთეთ შვეიცარიელი ექსპერტები. მსოფლიოში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე მოხდა ყველა პროცესის იდენტიფიცირება, გათვლა და გაანგარიშება, რასაც ეფუძნება სააგენტოს დასკვნა", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა.
კომპანიის GEOTEST AG ექსპერტის, დანიელ ტობლერის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე შესწავლილი იქნება ყველა არსებული თუ შესაძლო მეწყრული პროცესი, ღვარცოფული ნატანის შესწავლა-დახასიათება და ცხელი წერტილის იდენტიფიცირება, რაც მომდევნო 2 თვის განმავლობაში განხორციელდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, შევამციროთ რეალური რისკი, რომელიც გვაქვს დასახლებებში, რომ ვიცოდეთ კრიტიკული ადგილები და შემდეგ გადავიდეთ ამ ცხელი წერტილების მონიტორინგზე. ჩვენ ამას ბოლოს განვსაზღვრავთ. შოვი არის მაგალითი, რომელსაც ვიყენებთ, რადგან ეს იყო რეალური მოვლენა. და შოვის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ყველა სიმულაციური სცენარი და ვიმუშაოთ ცხელი წერტილების შეფასების მიმართულებით“, - აღნიშნა დანიელ ტობლერმა.