დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალების მიხედვით, კურორტზე ტრაგედიამდე ადრეული მონიტორინგის სისტემების არსებობის შემთხვევაში განგაშის გამოცხადება შესაძლებელი 2 საათით ადრე იქნებოდა.
აღნიშნულ კვლევაში ათამდე ქვეყნის მეცნიერი იყო ჩართული და ის სატელიტის ჩანაწერებსაც მოიცავს, რომლებიც სტიქიის დაწყებისა და განვითარების პროცესს ასახავს. კვლევის ავტორებმა წარმოადგინეს ასევე სტიქიის ეპიცენტრიდან ყველაზე ახლოს - 30 კილომეტრში არსებული ღარის სეისმური სადგურის 2023 წლის 3 აგვისტოს მონაცემები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც, კლდის ჩამოშლა სტიქიამდე 2 საათით ადრე დაიწყო.
კვლევის ახალ შედეგებში ასევე ვკითხულობთ, რომ შოვის ტრაგედიამდე კლდეზვავის პროცესის დაწყება სუსტად, თუმცა ქვეყანაში ყველა მოქმედმა სეისმურმა სადგურმა ჩაიწერა. BM.GE დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:
„1. კლდეზვავი განვითარდა მყინვარ თბილისას თავზე ზ.დ. 3850 მ სიმაღლეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით ციცაბოდ დახრილ ფერდზე;
2. კერიდან ჯამში დაიძრა და მყინვარ თბილისას შეეჯახა დაახლოებით 1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მასალა;
3. გავაანალიზეთ 2015 წლიდან 2023 წლის ჩათვლით უღრუბლო სატელიტური მონაცემები აბლაციის (დნობის) სეზონის ბოლოსთვის (აგვისტოს ბოლო – სექტემბრის შუა რიცხვები).
გამოიკვეთა, რომ სტიქიის კერას წლის თბილ პერიოდში ახასიათებდა სეზონური დნობით გამოწვეული მცირემასშტაბიანი ნატეხოვანი ან/და ტალახიანი ნაკადები, რაც ასახულია სატელიტურ სურათებზე. ნაკადების კვალი იკითხება კერის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.
2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდელი მონაცემები გამორჩეულია დანარჩენი 8 წლისგან. წინა წლების მონაცემებთან შედარებით 2023 წლის 3 აგვისტო 1-1.5 თვით ადრე პერიოდია, თუმცა ორივე, სამხრეთ და ჩრდილოეთ, ნაკადის გავრცელების ფართობი მაინც აღემატება წინა წლების მონაცემებს. ასევე, ნაკადებმა ყველაზე დაბლა 2023 წელს ჩამოაღწია. ეს მიუთითებს 2023 წელს სტიქიის კერის გამორჩეულ არასტაბილურობაზე კლდეზვავის აქტიური ფაზის დაწყებამდეც;
4. გაანალიზდა ყოველდღიური სატელიტური მონაცემები 2023 წლის 1 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით (შერჩეულია უღრუბლო 22 დღე). დაკვირვების პერიოდში ფიქსირდება როგორც დნობა/ჩამოშლის კვალი, ისე თოვა და აღნიშნული კვალის კვლავ დაფარვა, თუმცა ნაკადების ფართობი გამორჩეულად მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 20-სა და 21 ივლისს, და შესაძლოა 25-სა და 26 ივლისს შორის;
5. მე-3 და მე-4 პუნქტში აღწერილი პროცესები არ მიუთითებს მომავალი კატასტროფული სტიქიის გარდაუვალობაზე, ის მხოლოდ იძლევა არამკაფიო ნიშნებს რომ შეიძლება მომავალში შეიძლება გარკვეული სტიქია ყალიბდებოდეს;
6. საქართველოს სეისმური ქსელი ამჟამად ოპერირებს 49 სეისმურ სადგურს და 36 ძლიერი მოძრაობის მარეგისტრირებელ ხელსაწყოს. ღარის სეისმური სადგური შოვის სტიქიის ეპიცენტრიდან ყველაზე ახლოს მდებარე სადგურია, მანძილით 30კმ. აღსანიშნავია, რომ მართალია სუსტად, მაგრამ ნაშალი მასალის ტრანსპორტირება ბუბისწყლის ხეობაში ვიდრე შოვამდე, საქართველოს ნაციონალური სეისმური ქსელის თითქმის ყველა სადგურმა ჩაიწერა. ცხადია, ყველაზე მკაფიო ჩანაწერი გვაქვს ღარის სეისმურ სადგურზე, სადაც განთავსებული იყო, როგორც ველოსიგრაფი, ასევე აქსელეროგრაფი. ორივე ჩანაწერის შეჯერებული ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ ხეობაში ტრანსპორტირება დაიწყო 14:56 წუთზე თბილისის დროით, ხოლო კდლეზვავის განვითარების ინტენსიური პროცესი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო.
7. წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა და შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება“ - ნათქვამია ახალ კვლევაში.