მეტი ადამიანის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაშიც კი უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.
"სპეკულაციები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენის საშუალება იქნებოდა, რაც ძალიან მძიმე სპეკულაციაა. ლოკაციას, სადაც სტიქია მოხდა, ვინც ადგილზე გაეცნო ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ვინც ღვარცოფის მასაში მოყვა გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა.
იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია. უბრალოდ შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.
ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, ამაზე მაქვს საუბარი. კიდეებში იყო ასევე სივრცე, სადაც ღვარცოფის ნარჩენი მასა იყო გადასული. რაც შეეხება თვითონ ღვარცოფული მასის თემას. რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ. აქ საუბარია წუთებზე", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
აღნიშნულის შემდეგ ჟურნალისტებმა კობახიძეს უთხრეს, რომ ღვარცოფში მოყოლილმა ერთ-ერთმა კაცმა, დავით ჯელაძემ ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანდა თუ რა მანძილი გაიარეს მან და მისმა 6 წლის დისშვილმა, რაზეც კობახიძემ უპასუხა:
„ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით ამ ფოტოზე. ერთი, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა არ ვიცი, რადგან, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხა [გადარჩენა]… თქვენ წარმოიდგინეთ მეორე დღეს ვიყავით მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი ვერაფერს გეტყვით მაგაზე”.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. ესენია: 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და 240 -ე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.