"ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის მე-5 მოადგილედ ბათუ გურჯიძე დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება 4 აგვისტოთი თარიღდება და ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბათუ გურჯიძე 2025 წლიდან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. მანამდე, 2014 წლიდან 2025 წლამდე, იგივე თანამდებობაზე მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
საჯარო სექტორში საქმიანობა მან 2009 წელს დაიწყო და 16 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა ფინანსური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური ანალიზის სამმართველოებს, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებში. აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც.
ბათუ გურჯიძეს პროფესიით ეკონომისტია. მას მიღებული აქვს განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტებზე.
ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების გაყოფის შემდეგ, რევაზ სოხაძის მოადგილეების თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელეს ილია ბეგიაშვილმა და მზია გიორგობიანმა. სოხაძემ კი პოსტზე გიორგი კობერიძე, ვახუშტი ბაგრატიონი და ბათუ გურჯიძე დანიშნა.




























