მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების კაპიტალიზაცია ისეთი მდგრადი არ არის, რომ მათი გრძელვადიანი სტაბილურობა უზრუნველყოს" - ასოციაცია

ირაკლი გიორგობიანი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ინფრასტრუქტურის სამშენებლო კომპანიების კაპიტალიზაცია ისეთი მდგრადი და ჯანმრთელი არ არის, რომ მათი გრძელვადიანი სტაბილურობა უზრუნველყოს. ამ ფონზე ირაკლი გიორგობიანი სახელმწიფო შესყიდვების რეფორმირებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი ქართული კომპანიების ერთგვარი მხარდამჭერი იქნება. ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

ირაკლი გიორგობიანის შეფასებით, სახელმწიფო ტენდერებში პროექტებზე ფასწარმოქმნა ინფრასტრუქტურის მშენებელთა სექტორისთვის გასული წლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ სახელმწიფო მზადაა, სამშენებლო კომპანიებს მხარი დაუჭიროს.

"შარშანდელი წელი ცოტა რთული იყო და გამოწვევები გვქონდა, თუმცა მე ასე დავარქმევდი, რომ შარშანდელი წელი უფრო იყო იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოგვეხდინა იმ პრობლემების საწყისის იდენტიფიცირება, რის წინაშეც სექტორი წლების განმავლობაში იდგა. ახლა ასოციაციას ფაქტობრივად შეჯერებული პოზიცია გვაქვს როგორც ბიზნესთან, ისე სახელმწიფოსთან, როგორც მსხვილ დამკვეთთან. მოგეხსენებათ, ფასწარმოქმნა ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მიმდინარე წელსაც გაგრძელდება ეს პროცესი. ალბათ უფრო მეტ ფაქტობრივ რეფორმასაც ვნახავთ.

საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიცია, რომ მას უნდა ძლიერი სამშენებლო კომპანიები ჰყავდეს პარტნიორებად. სახელმწიფო ასევე კარგად ხვდება, რომ სამწუხაროდ, სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურის მშენებელი ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია არ არის ისეთი მდგრადი და ჯანმრთელი, რომ მათი გრძელვადიანი სტაბილურობა უზრუნველყოს. შესაბამისად, სახელმწიფო მზად არის და სურვილი აქვს, რომ ქართული სამშენებლო კომპანიების მაქსიმალური მხარდაჭერა მოხდეს, რომ მათ გაძლიერება და განვითარება შეძლონ და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი გახდნენ", - ამბობს ირაკლი გიორგობიანი.

ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე დადებითად შეაფასა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო კომპანიებს წინასწარ წარედგინათ მიმდინარე წლის ტენდერების გეგმა.

"მინდა გითხრათ, რომ პირველად ხდება წლის დასაწყისში გეგმის წარდგენა, თუ რა ტენდერები გამოვა... ბიზნესმა წინასწარ იცის, რა იგეგმება წლის განმავლობაში და ამავდროულად, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზე, თუ რა მოთხოვნები იქნება, მათ შორის რა ცვლილებებს გეგმავენ საკვალიფიკაციო თუ სხვა სატენდერო მოთხოვნების ნაწილში. მიმდინარე წლის დასაგეგმად ეს ბიზნესისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, რათა იცოდეს, რა რესურსების მობილიზება უნდა მოახდინოს", - განაცხადა გიორგობიანმა.

ირაკლი გიორგობიანის თქმით, ჯერჯერობით სექტორისთვის გამოწვევად რჩება საბანკო სექტორთან ურთიერთობისას რისკფაქტორების შემცირების საკითხი, რაზეც ასოციაცია უკვე მუშაობს და ამისთვის შესაბამისი რეფორმაც არის დაგეგმილი.

"იმისათვის, რომ ეს პროცესი და ეს რეფორმა დასრულდეს და იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე გარემო, საბანკო სექტორის პოზიციაც მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან გარკვეული რისკფაქტორები არსებობს, რომელიც კაპიტალზეც, ღირებულებაზეც აისახება. უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს საბანკო სექტორთან, კონკრეტულად რა რეფორმა რა რაოდენობით შეამცირებს რისკიანობას და ვფიქრობ, რომ ყველა მხარემ ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ახლა უკვე სამუშაო პროცესში ვართ და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ საკონტრაქტო ურთიერთობების რეფორმას, რაც სექტორში რისკიანობის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იქნება. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, კაბინეტური ურთიერთობიდან საკონტრაქტო ურთიერთობაში გადავიდეთ. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს, რომ მეტი კაპიტალი შემოვა ინდუსტრიაში და სახელმწიფოს მიზანიც ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც იქნება ჯანსაღი კონკურენცია და შედეგად საუკეთესო ფასს და ხარისხს მიიღებს", - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა და დასძინა, რომ 4-5 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების სექტორში ბრუნვა დაახლოებით 85%-ით არის გაზრდილი. "თუ მანამდე იყო, დავუშვათ, 8 მილიარდი ლარი, 2024-ის ბოლოს გახდა 16 მილიარდი ლარი. მოგეხსენებათ, რომ ამ სექტორს აქვს ყველაზე მაღალი მულტიპლიკატორი და აქ დახარჯულ ფულს მთლიანად ეკონომიკის ბრუნვაში თითქმის 20%-იანი წილი აქვს. შესაბამისად, ეს სექტორი კომერციულადაც საინტერესო და ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა თავისი გამოწვევები ჰქონდა გამჭვირვალობის და რისკიანობის კუთხით. ჩემთვის პატივია, რომ ასოციაციის წევრი ხუთი მსხვილი ბანკია და ყველა მხარემ, ვინც ამ პროცესის მონაწილე ვართ, ვიცით, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ და რას ვაშენებთ", - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა დაევალა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის, სამშენებლო პროექტებში საბაზრო ღირებულება გადაიხადოს, იმისთვის რომ მათი დაფინანსებული პროექტები, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაციას არ საჭიროებდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები