მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ევროკოდების დანერგვის ხელშეწყობისთვის ახალ პროექტს ახორციელებს

ICCA ელემენტ ჰოლდინგისა და USAIDის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის განხორციელების გზით გაუწევს აქსელერაციას
22.02.24 14:51
1540

სამშენებლო ინდუსტრიაში ევროკოდების დანერგვის პროცესს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია “ელემენტ ჰოლდინგისა” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის განხორციელების გზით გაუწევს აქსელერაციას.

ქვეყნის ეკონომიკისათვის სამშენებლო ინდუსტრია ერთ-ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს, შესაბამისად, მისი მოდერნიზაცია და გაძლიერება ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია. სწორედ ამას უკავშირდება ის ძალისხმევა, რომელსაც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია წევრ და პარტნიორ კომპანიასთან “ელემენტ ჰოლდინგთან” ერთად ინდუსტრიისათვის საკვანძო საკითხის ხელშეწყობისათვის იმუშავებენ.

პროექტის ფარგლებში, უცხოელი საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, ჩამოყალიბდება ევროკოდების სატრენინგო პრაქტიკული მოდული, რომლითაც გადამზადდებიან სამშენებლო სექტორში დასაქმებულები.

ქვეყანაში ამ დროისათვის მოქმედი მოძველებული საბჭოთა სტანდარტების ცვლილება იგეგმება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ამ სტანდარტების ჩანაცვლება სწორედ ევროკოდებით მოხდება და ის სავალდებულო გახდება მშენებლობის ყველა განმახორციელებელისათვის. ევროკოდების ადაპტირების და მისი ჰარმონიზების პროცესს საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო კურირებს. აღნიშნულ პროცესში ICCA (ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია) აქტიურად არის ჩართული და ამ დრომდე, როგორც მშენებლობის ინდუსტრიაში მოქმედმა ყველაზე ძლიერი კომპანიების გაერთიანებამ, რომლისთვისაც აღნიშნული პროცესი ფასდაუდებლად მნიშვნელოვანია, ევროკოდების შემსწავლელი საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა და ორგანიზება გაუწია ტრენერთა ტრენინგს, რომლის საშუალებითაც გადამზადდნენ ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიების ინჟინერ-კონსტრუქტორები.

“ელემენტ ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი ზაქრო ებელაშვილი პროექტის ფარგლებში, კომპანიის როლთან დაკავშირებით საუბრობს: „ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა - ხელი შეუწყო და მოამზადო სამშენებლო სექტორი ევროკოდების შესახებ. ამის საშუალებას, ერთი მხრივ, 16-წლიანი გამოცდილება, მეორე მხრივ კი - სანდო პარტნიორი გვაძლევს - „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სახით“. ევროკოდების დანერგვა საქართველოში სამშენებლო სექტორს სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანს. კარგად გვაქვს გაცნობიერებული შედეგის თანმდევი უპირატესობები, ამიტომაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები. ევროკოდების საქართველოში დამკვიდრება და მისი იმპლემენტაცია მხოლოდ სამშენებლო სექტორის განვითარებას არ ემსახურება, ესაა ევროინტეგრაციისა და მისი სტანდარტებისკენ მიმართული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი პროცესის აქტუალობას უსვამს ხაზს: “სამშენებლო ინდუსტრიისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხის, ევროკოდების დანერგვის პროცესის ხელშეწყობისათვის ასოციაცია უკვე არაერთი წელია, მუშაობს. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის დახმარებით ეს უკვე მეორე პროექტია, რომელსაც ევროკოდების დანერგვის მიმართულებით ვახორციელებთ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩვენი წევრი კომპანია “ელემენტ ჰოლდინგის” აქტიური მონაწილეობით ხდება, რომელიც მუდმივად ცდილობს, იყოს ინდუსტრიის განვითარების საქმეში აქტიურად ჩართული. პროექტის ფარგლებში, ჩვენ მოვამზადებთ სპეციალურ სატრენინგო მოდულს, საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, რომლითაც 15-მდე პროფესიონალი გადამზადდება და შეისწავლის ევროკოდების პრინციპებს, რომლებიც შემდეგ, თავის მხრივ, მოამზადებენ სხვა პროფესიონალებს აღნიშნული პროცესებისათვის.

ყოველივე ეს დაგვეხმარება, რომ ქვეყანაში ევროკოდების სავალდებულო პროცესს სექტორი დახვდეს მომზადებული და კვალიფიციური, უახლესი ცოდნით აღჭურვილი პერსონალით.”

პროექტის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ჩატარდება სემინარები არამხოლოდ თბილისში, არამედ ზუგდიდსა და ბათუმში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები