ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო ინდუსტრიას სრულიად ახალ და უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.
აღნიშნული პროგრამები განკუთვნილია სამშენებლო სექტორში დასაქმებულთათვის, ასევე, ინდუსტრიაში დასაქმების მსურველებისათვის. პროგრამები გულისხმობს შემდეგი მიმართულების სატრენინგო კურსებს: სამუშაოთა მწარმოებლის გადამზადების პროგრამა, სამშენებლო მენეჯერის გადამზადების პროგრამა და გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯერის მომზადების პროგრამა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” მხარდაჭერით.
“USAID ამაყობს თავისი ახალი პარტნიორობით, რომელიც ხელს უწყობს მაღალანაზღაურებადი და კონკურენტუნარიანი მუშახელის შექმნას საქართველოს სამშენებლო სექტორში. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და მისმა ექვსმა წევრმა კომპანიამ, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტთან და ესპანეთის ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციასთან თანამშრომლობით, განავითარეს ინოვაციური მოკლევადიანი ტრენინგის გადამზადების პროგრამები, სამშენებლო მოედნის მართვის, მშენებლობის მართვის და გარემოს მართვის დარგებში, რაც საბოლოოდ გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს სამშენებლო სექტორში.“ - ამბობს დევიდ ბლოდი, USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ხელმძღვანელი.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ანა საბახტარიშვილის თქმით, ასოციაციამ მოიკვლია ინფორმაცია სექტორში კადრების დეფიციტის მიმართულებით: “სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსი დარღვეულია, ინდუსტრიის წარმომადგენლები ყველაზე დიდ პრობლემად მშენებლობაში სწორედ ამ საკითხს ასახელებენ. ICCA-მ ამ პრობლემის შესამცირებლად, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან და ასევე, საერთაშორისო პარტნიორთან, ესპანური ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციასთან ერთად, შეიმუშავა ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომლებიც მოამზადებენ თანამედროვე სამშენებლო პროცესებისათვის კვალიფიციურ კადრებს.”
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ვიცე დეკანი, სალომე ღუდუშაური აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული მიზნების კრიტიკული ნაწილია საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა და მაღალი სტანდარტის განათლების მიწოდება, მათ შორის მშენებლობის მიმართულებით. "პროგრამები შემუშავდა GAU-ს ლექტორების მიერ, საქართველოს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით. ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორის უკუკავშირისა და მსოფლიოში დამკვიდრებული მოწინავე მოდელების გათვალისწინება განაპირობებს GAU-ს საგანმანათლებლო პროგრამების და კონკრეტულად ამ კურსების წარმატებას."
პროგრამების შინაარსისა და საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე, სადაც, ასევე, მსურველები შეძლებენ დარეგისტრირებას.
ქალებისა და ახალგაზრდებისათვის პროგრამაზე რეგისტრაციისას, გათვალისწინებულია სპეციალური კვოტები.