მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის სამინისტრო მაგისტრალებზე ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის

კახეთის ავტომაგისტრალი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბათუმისა და კახეთის ავტომაგისტრალებზე ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პოტენციური ადგილების პროექტირების ინიციატივით გამოდის - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ლანდშაფტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სფეროში მომუშავე კომპანიებთან შეხვედრისას განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის პერსპექტივები საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების პროექტებში ლანდშაფტური და ურბანული კომპონენტების ინტეგრირების მიმართულებით.

"აღინიშნა, რომ თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება არა მხოლოდ გადაადგილების გაუმჯობესებას, არამედ ეკოლოგიური, სოციალური და ვიზუალური ფაქტორების გათვალისწინებასაც გულისხმობს.

აღინიშნა გზის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების მნიშვნელობა, რაც ამცირებს მტვერსა და ხმაურს, აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგრადობას და ვიზუალურ გარემოს. გამწვანებული ზონები ქმნის კეთილმოწყობილ სივრცეს როგორც მგზავრებისთვის, ისე გზის მიმდებარე დასახლებების მოსახლეობისთვის.

რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამინისტროს ინიციატივა – ჩატარდეს ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პოტენციური ადგილების პროექტირება, რომელიც მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალურ გზებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით და კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთს", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები