მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მეწარმე სუბიექტებისთვის მიღებულ ახალ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებენ

5de91efc8b709
BM.GE
05.12.19 19:15
1456
"საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოხდა მნიშვნელოვანი დაზუსტება მაღალმთიან დასახლებებში საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებიც კანონის შესაბამისად სარგებლობენ გარკვეული საგადასახადო შეღავათებით. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, დამატებითი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ განაცხადა.

საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, მის მიერ წარმოებული და გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ მაღალმთიანი დასახლების, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე გაიტანოს ექსპორტზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას, სტატუსის მინიჭებაზე დაინტერესებული პირის შემთხვევაში კი - მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.

"ესაა მთის რეგიონების განვითარების ლოგიკური გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მდგრად განვითარებას, საქონლისა და მომსახურების ეფექტიან მიწოდებას, სამეწარმეო საქმიანობისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას. ეს დაზუსტება ხელს შეუწყობს მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში, წაახალისებს ქართული პროდუქციის გატანას ექსპორტზე, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისთვის", - აღნიშნა გიორგი დიდიძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები