მიუხედავად იანვარში აქტივობის ბუნებრივი შემცირებისა, მიმდინარე წლის გეგმები უპრეცედენტოდ ამბიციურია - ამის შესახებ BMG-სთან „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი საუბრობს.
კითხვაზე, თუ რამ განაპირობა იანვრის ეკონომიკურ ზრდაში მშენებლობის სექტორის წილის შემცირება, ირაკლი გიორგობიანმა აღნიშნა, რომ იანვარი დარგისთვის ყოველთვის პასიური თვეა, თუმცა წელს ეს პერიოდი ტენდერების გამოცხადების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აღმოჩნდა.
„ეს სეზონურია, და იანვრისთვის დამახასიათებელია, ხარჯვით ნაწილს თუ შევხედავთ. მეორე მხრივ, ტენდერების გამოცხადების ნაწილში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვეა. ახლა ტენდერინგის პერიოდია, რომლის შემდეგაც მოხდება დაკონტრაქტება და მერე სამუშაოების დაწყება“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე წლის ბიუჯეტი 3.5 მილიარდ ლარს აღემატება, საიდანაც დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი საგზაო მიმართულებაზეა გათვლილი. მისივე თქმით, გასული წლის ბოლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მნიშვნელოვანი ნაწილების დასრულებამ სტატისტიკურ მონაცემებზე დროებითი გავლენა მოახდინა.
„უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც დაანონსდება და ნაწილი დაანონსდა, ეს არის თბილისის შემოვლითი გზა, რომელიც რამდენიმე ლოტისგან შედგება. წელს, სამუშაოების რაოდენობის კუთხით, გეგმები ამბიციურია. ამასთან დაკავშირებით ღია პრეზენტაციაც ჰქონდა სამინისტროს გაკეთებული სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წლის ბიუჯეტი თუ არ ვცდები, მხოლოდ საგზაოზე მილიარდ ნახევარი ლარია, ჯამში ინფრასტრუქტურის - 3 მილიარდ ნახევარი ლარი. ეს მნიშვნელოვანი ზრდა იქნება გასულ წელთან თუ შევადარებთ. ასე რომ, წელი ახლა დაიწყო, დაველოდოთ დაკონტრაქტებებს და შესაბამისად შემდგომ უკვე შესრულების ეტაპს, რაც თავისთავად აისახება „საქსტატის“ მონაცემებში“ - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა BMG-სთან.
იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.9 პროცენტით გაიზარდა. წინასწარი შეფასებით, ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია კი, მშენებლობის და ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. საქსტატის განმარტებით, ეს ძირითადად დაკავშირებულია სამოქალაქო მშენებლობის, მათ შორის გზების და ავტობანების მშენებლობის შემცირებასთან. 25 პროცენტით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტის მოცულობა.




























