ბილეთების ფასები 2025 წლის ინგლისის ასოციაციის თასის ფინალისთვის, სადაც ერთმანეთს “კრისტალ პალასი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან, £50-დან £285-მდე მერყეობს, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს.
სტანდარტული ბილეთების უმრავლესობა £50-დან £175-მდე ეღირება. ეს მაქსიმუმ 20%-იანი მატებაა იმ ბილეთებზე, რომლებიც პრემიუმ კატეგორიაში არ შედის.
რაც შეეხება, პირველ პრემიუმ კატეგორიას, თითო ბილეთი £285 ეღირება, ხოლო მეორე პრემიუმ კატეგორიაში ადგილის დაკავება £255-დაა შესაძლებელი. ორივე ვარიანტი უემბლის სტადიონის შუა იარუსზე მდებარეობს.
დანარჩენი კატეგორიების ფასები შემდეგია:
- კატეგორია 1 — £175 (ზრდა £30-ით, ანუ 20% 2024 წელთან შედარებით),
- კატეგორია 2 — £125 (ზრდა £10-ით, ანუ 8.7%),
- კატეგორია 3 — £75 (ზრდა £5-ით, ანუ 7%),
- კატეგორია 4 — £50 (ზრდა £5-ით, ანუ 11%).
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბილეთების ფასები კონტროლდება და შესაბამისობაშია სხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ფასებთან:
„ინგლისის ასოციაციის თასი ჩვენი მთავარი შემოსავლის წყაროა, რაც საშუალებას გვაძლევს დავაბანდოთ ფული ინგლისური ფეხბურთის ყველა დონეზე. რეგულარულად ვაკონტროლებთ უემბლიზე გასამართ ასოციაციის თასის მატჩების ბილეთების ფასებს, რათა ისინი შეესაბამებოდეს სხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ფასებს. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ინფლაციის ზრდის მიუხედავად, ფინალის ბილეთების ფასი არ შეგვიცვლია. ამ სეზონში ფასების შეზღუდული ზრდა შევიტანეთ ფინალისთვის, ძირითადად მაღალფასიან კატეგორიებში, ხოლო დაბალფასიან კატეგორიებში მატება მინიმალურია. უახლოეს სამ წელში ასოციაციის თასის ფინალის თითქმის ყველა ბილეთის ფასი დასტაბილურდება“ - ნათქვამია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ფინალში ერთმანეთს “კრისტალ პალასი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან. ეს ლონდონელებისთვის ისტორიაში მესამე ფინალია - 1990 წელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1-0 დამარცხდნენ და იგივე მეტოქესთან 2016 წელს დამატებით დროში 2-1 წააგეს. რაც შეეხება, “მანჩესტერ სიტის” ისინი ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ - 2023 წელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” 2-1 დამარცხდნენ, ხოლო 2022-ში ამავე ოპონენტს 2-1 მოუგეს. შეხვედრა 17 მაისს ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართება.