მეღვინეობა „ჩელთი“ 2026 წელს ინგლისის ბაზარზე მნიშვნელოვან ზრდას ელოდება. ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ანა მირიანაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი თქმით, ზრდის პროგნოზი უკავშირდება მიმდინარე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ცნობილ ქსელურ მარკეტთან, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია : „2026 წელს, ჩემი ვარაუდით, ინგლისის ბაზარზე გვექნება ძალიან დიდი ზრდა. არ მინდა ჯერჯერობით თქმა, თუმცა ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ქსელთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომლის ბოლოშიც ვართ გასული. მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი და უკვე ზაფხულიდან შევა ამ პრემიუმ მაღაზიათა ქსელში“, – აღნიშნა მირიანაშვილმა.
მისივე განმარტებით, ინგლისი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიური მარკეტინგული კამპანიები ხორციელდებოდა. მათ შორის, „ჩელთი“ ორჯერ იყო London Fashion Week-ის მხარდამჭერი, რამაც საერთაშორისო მედიის ყურადღება როგორც ბრენდის, ისე ქართული ღვინის მიმართ გაზარდა. „ვცდილობთ, რომ წამყვან საერთაშორისო ღონისძიებებზე ქართული ღვინო დავაპოზიციონიროთ“, – აღნიშნა მან.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის საექსპორტო გეოგრაფიაში კვლავ წამყვან პოზიციას ევროპა ინარჩუნებს. ტრადიციულად ძლიერი ბაზარი გერმანიაა, თუმცა მირიანაშვილის შეფასებით, მიმდინარე წელს ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთში, ესპანეთსა და ინგლისში. აზიის მიმართულებით „ჩელთი“ განსაკუთრებულ ყურადღებას ჩინეთზე ამახვილებს, სადაც უკვე გახსნილია საწყობი და დისტრიბუციის ქსელი.
„არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ღვინის მოხმარება ზოგადად კლებულობს, თუმცა ქართული ღვინის წილი იმდენად მცირეა, რომ ჩვენთვის ზრდის პოტენციალი რჩება. არ ვფიქრობ, რომ ეს კლება ჩვენთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. ვინაიდან მულტიმილიარდიანი ბაზარია და ჩვენი პოტენციალიც უსაზღვროა“, – განმარტა მირიანაშვილმა.
რაც შეეხება გამოწვევებს, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გლობალური კონფლიქტები და ლოგისტიკური სირთულეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ექსპორტზე. განსაკუთრებით გაიზარდა ტრანსპორტირების დრო ჩინეთის მიმართულებით – თუ ადრე მიწოდებას დაახლოებით ორი თვე სჭირდებოდა, ახლა ეს ვადა ოთხ თვემდეა გაზრდილი, რაც, მისივე თქმით, წითელი ზღვის რეგიონში არსებული დაძაბულობითაც არის განპირობებული.
მისი თქმით, გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯები საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახება. „აზიაში მოგვიწია ფასების კორექტირება და ვვარაუდობთ, რომ ფასების ზრდა ევროპაშიც მოგვიწევს“, – აღნიშნა მირიანაშვილმა და დაამატა, რომ პარტნიორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და გარკვეულ პოზიციებზე ფასების ზრდა გარდაუვალია.




























