ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ინგლისის ნაკრების სათავეში დროებით 21 წლამდე გუნდის მწვრთნელი ლი კარსლი იდგა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ მას აღნიშნული თანამდებობა მხოლოდ 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ექნება დაკავებული.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ “სამი ლომის” მთავარი მწვრთნელი გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი იქნება, რომელიც ინგლისელებს 2026 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზეც უხელმძღვანელებს.
“სიამაყით ავივსე, როდესაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს. მას შემდეგ, რაც ლონდონში ვიმუშავე, დიდი კავშირი ვიგრძენი ქვეყანასთან და მის სათამაშო სტილთან, შესაბამისად, ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. ძალიან საინტერესო საქმე მელოდება, რადგან მე მსოფლიოს ერთ-ერთი უნიჭიერეს და ტალანტებით დახუნძლულ ნაკრებს უნდა ვუხელმძღვანელო” - განაცხადა ტომას ტუხელმა.
51 წლის გერმანელს აქამდე კუნძულზე ლონდონურ “ჩელსიში” უმუშავია და ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. სხვადასხვა დროს მას დორტმუნდის “ბორუსია”, “მაინცი” და “პსჟ” გაუწვრთნია. ტუხელი სვენ-გორან ერიკსონის და ფაბიო კაპელოს შემდეგ მესამე უცხოელი მწვრთნელი იქნება, რომელიც ინგლისის ნაკრებში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელები ერთა ლიგის B დივიზიონში საბერძნეთის, ირლანდიისა და ფინეთის ნაკრებთან ერთად ასპარეზობენ და 4 თამაშში დაგროვებული 9 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ.