მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს $170 მლნ-იანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა

6422c23393302
შოთა ტყეშელაშვილი
28.03.23 14:24
12180
2023 წლის 21 მარტს, ინგლისისა და უელსის სასამართლოს სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომლითაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს, მის ბიზნესპარტნიორებს ბენჯამენ მარსონს და იგორ ალექსეევს დააკისრა მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო.

დაკისრებული კომპენსაციების მთლიანი მოცულობა $170 მილიონ დოლარს აღემატება, რაშიც შედის როგორც უშუალოდ კომპენსაცია, ასევე დარიცხული პროცენტი და იურიდიული ხარჯების ანაზღაურება.

საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მიღებულ განაჩენს უკავშირდება, რომლითაც ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს “კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანიებმა, Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მა “მილიარდიანი პროექტის” განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს.

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა. კომპანიები Recovery Partners GP Limited და Revoker LLP სწორედ Salford Capital Partners International-ის მიერ იყო დაფუძნებული და ამ კომპანიებს მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი აქტივების აღდგენის წარმართვის შესაძლებლობა დააკარგვინეს.

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა. Salford-ის ამოცანას მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება წარმოადგენდა. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძესა და მის ბიზნეს პარტნიორებს.

როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ.
სანაცვლოდ კი ეს პროექტი მათ მიერ დაფუძნებულმა Hunnewell Partners-მა მიითვისა და განახორციელა. შედეგად, რუხაძის ჰოლდინგმა მომსახურების პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო.

სასამართლო განაჩენის თანახმად, Salford-ის ჩამოშორების შემდეგ ირაკლი რუხაძემ; ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა დაასრულეს პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით. ამასთან წლების განმავლობაში მათ რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო “ლიბერთი ბანკის”, “რუსთავის მეტალურგიული ქარხნის”, “მაგთიკომისა” და “ჰაიდელბერგცემენტის” აქციების შესყიდვა. პატარკაციშვილის ოჯახს მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ, სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და აღნიშნულ პროცესში მოპასუხეებმა გასამრჯელოს სახით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.

ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2019 წლის მარტში სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც – მოსარჩელეებმა ასეთად აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits).

თავად ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე – “ლიბერთი ბანკი”, ასევე “რუსთავის მეტალურგიული ქარხანა”, ჰოლდინგი ასევე ფლობს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების “იმედისა” და GDS-ის 100%-იანი წილს ფლობს. ასევე ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია 22%-იანი წილი საქართველოს უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელში “ჰაიდელბერგცემენტში”, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი არის. ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია ასევე 10%-იანი წილი ქვეყნის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ “მაგთში”.

Forbes-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი რუხაძემ დაკისრებული კომპენსაციის გადახდა უკვე დაიწყო.

საკითხზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები