მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასა აიკრძალა

ერთჯერადი პლასტმასა

ინგლისის მასშტაბით ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც საკვები ინდუსტრიის ბიზნესებს პოლიესტერის ჭიქებისა და პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება ეკრძალებათ. აკრძალვის მიზანი გარემოს პლასტმასით დაბინძურებისა და ველურ ბუნებაზე მავნე გავლენის შემცირებაა. კანონპროექტი პირველად 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდა და 2042 წლისთვის გარემოს პლასტმასით დაბინძურების სრულად აღმოფხვრას ემსახურება.

1-ელი ოქტომბრიდან მაღაზიებს, რესტორნებსა და კაფეებს მომხმარებლებისთვის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭლის შეთავაზება და მათი გაყიდვა აეკრძალათ, დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიებს შესაბამისი ჯარიმის და სხვა ადმინისტრაციული სასჯელის მოხდა მოუწევთ. 

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა ეხება ყველა ტიპის, მათ შორის ბიოდეგრადირებად და გადამუშავებულ, რეციკლირებულ პლასტმასაც. გარდა ამისა, კომპანიები, რომლებსაც უკვე აქვთ შეძენილი პლასტმასის კონტეინერებისა და ჭურჭლის მარაგები, მათ გამოყენებას მაინც ვერ შეძლებენ. კანონი არ ვრცელდება შესაფუთ მასალებზე იმ შემთხვევაში, თუ საკვები პროდუქტი წინასწარ, წარმოების დროსაა შეფუთული. 

ინგლისი ყოველწლიურად ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის 2.7 მილიარდამდე დანა-ჩანგალსა და 721 მილიონ ერთჯერად თეფშს იყენებს, რომელთა მხოლოდ 10% გადამუშავდება. 

ინგლისის მიერ მსგავსი კანონის ამოქმედება დაგვიანებულ ნაბიჯად შეაფასეს გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა, რომლებიც კანონპროექტის დასამტკიცებლად აქტიურ კამპანიებს მართავდნენ. ორგანიზაცია City to Sea აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მსგავსი აკრძალვა 2 წლით ადრე ამოქმედდა, ბლოკის წევრმა ქვეყნებმა კი პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარეს. გაერთიანებული სამეფოს ფარგლებშიც კი, შოტლანდია და უელსი ერთჯერადი პლასტმასის შემცირებით უფრო წინ არიან, ვიდრე - ინგლისი. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები