ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გავლენის აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება და დეპუტატებს მოუწოდებს, საკითხი უკან გაიწვიონ.
„ბევრი მსჯელობა არაა მგონი საჭირო, რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია და არაკონსტიტუციურია.
მესმის, მსგავსი კანონი არსებობს ამერიკაში და რუსეთშიო. პირველი იცავს ამერიკას 1938 წლიდან ნაცისტური, საბჭოთა და ტერორისტული საფთხეებისგან. მეორე კანონი „იცავს“ რუსეთს ამერიკის და ევროკავშირისგან.
ჩვენს ქვეყანაში კანონი „დაიცავს“ ქვეყანას ასევე ამერიკისგან და ევროკავშირისგან მომავალი საფრთხეებისგან. ლოგიკა მარტივია - კანონი მაშასადამე რუსულია.
#გაიწვიეთკანონპროექტი“, - წელს კულუმბეგოვი.
რაც შეეხება არგუმენტს იმის შესახებ, რომ კანონი გამჭვირვალეს გახდის დაფინანსებებს, კულუმბეგოვი პასუხობს, რომ "ყველაფერი უკვე გამჭვირვალეა და ყველა თეთრი აღრიცხულია".
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები უკვე განიხილეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარიც დაუჭირეს. განხილვას გუშინ ხმაური მოყვა პარლამენტში. ადგილზე მივიდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, იყო სტვენა და შეძახილები, თუმცა "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატებმა კანონპროექტები პირველი მოსმენით მაინც მიიღეს.