მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინკასატორის საჭიროება თანდათან აღარ იქნება - ჭკვიანი მრიცხველის რეფორმის ეტაპები

6160b06914a83
დავით ჯალაღონია
09.10.21 21:10
4116
საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან შევლენ ექსპლოატაციაში, ელექტროენერგიის მოხმარებას სავალდებული წესით, ე.წ ჭკვიანი მრიცხველები აღრიცხავენ. ეს ვალდებულება ენერგოკომპანიებსა და დეველოპერებს უკვე დაეკისრა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანდათან საქართველოში ინკასატორის ინსტიტუტი მუშაობას დაასრულებს.

"ჭკვიანი მრიცხველი" მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. ნებისმიერი დისტანციიდან მრიცხველთან დაკავშირება და მოხმარებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. მომხმარებელს კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, მისთვის სასურველ დროს მრიცხველის შემოწმება და მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის გაკონტროლება შეეძლება.

როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, ეს მრიცხველები გრძელვადიან პერიოდში სახსრების დაზოგვის საშუალებას იძლევა.

"თელასასა" და "ენერგო-პროს" თბილისსა და რეგიონებში საკმაოდ ბევრი წამკითხველი ჰყავდა, რომლებიც დადიოდნენ, კითხულობდნენ ამ მრიცხველებს. თუ ვინმე აბონენტი იყო გასათიში, ასეთ შემთხვევაში ცალკე ჯგუფი მიდიოდა მისი ქსელიდან გამორთვის მიზნით. ასევე, არსებობდა მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც დადიოდნენ და აკვირდებოდნენ, ამ თანამშრომლებმა რამდენად სწორად წაიკითხეს მრიცხველები, რამდენად დროულად მოხდა გათიშვა, აღდგენა და ა.შ. ეს ყველაფერი ოფისიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი, ავტომატურ რეჟიმში ეს მრიცხველი სერვერს გადასცემს ინფორმაციას, სერვერი მოახდენს დარიცხვას და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას მომხმარებლისთვის. თუ ვინმე გასათიში იქნება, ასეთ შემთხვევაში ოფისიდან მოხდება ელექტროენერგიის გათიშვაც, აღდგენაც და ა.შ. ამდენად კომპანია დაოზგავს საოპერაციო ხარჯებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვავალებთ კომპანიას, რომ ეს თანხები მიმართონ კაპიტალურ ხარჯებზე და ეტაპობრივად გამოცვალონ ეს მრიცხველები, რათა მომხმარებელს არ დააწვეს ამ მრიცხველის გამოცვლის ხარჯი", - განმარტა დავით ნარმანიამ.

ცვლილებები სამომავლოდ უკვე ძველ შენობებსაც შეეხება, სადაც დავით ნარმანიას ინფორმაციით, ჭკვიანი მრიცხველები მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში დამონტაჟდება.

"5-7 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ძველ სახლებშიც მოხდება ამ ყველაფრის ჩანაცვლება ისე, რომ მომხმარებელი არ გადაიხდის მრიცხველების საფასურს. მანამდე თუ ვინმეს თავად უნდა, მას შეუძლია ნებაყოფლობით მიმართოს ენერგოკომპანიას და მოითხოვოს მისი გამოცვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხარჯებს თავად აანაზღაურებს", - აცხადებს სემეკ-ის თავმჯდომარე.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, აქ მსგავსი რეფორმა სავალდებულო წესით ჯერ არ დაიწყება, თუმცა ე.წ ჭკვიანი მრიცხველის დაყენებისთვის ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიას მომხმარებელმა ნებაყოფლობით, საკუთარი თანხებით შეუძლია მიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები