მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინოვაციური სტარტაპ სტატუსი უპრეცედენტოა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში - ავთანდილ კასრაძე

ავთანდილ კასრაძე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ ადგილობრივ სტარტაპს „ინოვაციური სტარტაპის სტატუსი“ მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის პირველი მფლობელები - შპს „ჰელიო აისი“ და შპს „ეიაი სოლუშენსი“ გახდნენ.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ ინოვაციურ სტარტაპ საზოგადოების განვითარება წარმოადგენს.

"ჩვენ მრავალი წელია სხვადასხვა მეთოდებით მხარს ვუჭერთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას: შემოგვყავს ქვეყანაში გლობალური აქსელერატორი, გვაქვს დაფინანსების პროექტები სტარტაპებისთვის. მათ განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა, დამატებით მხარდამჭერი მექანიზმები შემოგვეღო. სწორედ ამას გულისხმობს ახალი საგადასახადო რეჟიმი ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის“,- ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნები საკმაოდ მაღალია, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის მხარდამჭერი მექანიზმი, რაც ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოჰყვება.

სტატუსის მინიჭების და მასთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადის 0%-იანი განაკვეთის ამოქმედების ძირითადი მიზანი ინოვაციაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებაა ადრეულ ეტაპზე, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.

„პირველ რიგში ეს უნდა იყოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული სტარტაპ პროექტი. მას მოზიდული უნდა ჰქონდეს კერძო ინვესტიცია, მინიმუმ 100 ათასი ლარის ოდენობით, ან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი, მინიმუმ 150 ათასი ლარის გრანტის ოდენობით. თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, სტარტაპი უკვე მიიღებს საქართველოს მთავრობისგან ინოვაციურ სტატუსს, რაც გულისხმობს პირველი სამი წელი აბსოლუტურად ნულოვან საშემოსავლო გადახდის რეჟიმს, რაც არის უპრეცედენტო არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ჩვენ მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ქართული სტარტაპების სწრაფად განვითარებას, რომ გავიდნენ გლობალურ ბაზარზე და ამით უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.

ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები