მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Intel-ი AI ჩიპების წარმოებას და Nvidia-სთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს

intel

ცენტრალური პროცესორების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი, Intel-ი AI ჩიპების წარმოების დაწყებას და კონკურენციის სექტორის უპირობო ლიდერ Nvidia-სთვის გაწევას გეგმავს.

როგორც ირკვევა, Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნახევარგამტარების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Qualcomm-ის ყოფილი წამყვანი სპეციალისტი ერიკ დემერსი აიყვანა. საუბარი ადამიანზე, რომელსაც გრაფიკული პროცესორების დიზაინის შექმნის კუთხით 14-წლიანი გამოცდილება აქვს და რომლის დამსახურებითაც Qualcomm-მა არაერთი წარმატებული პროდუქტი შექმნა.

როგორც ირკვევა, Intel-ი მასთან თანამშრომლობით მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილ გრაფიკულ პროცესორებს შექმნის. ამ მხრივ, Intel-მა რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა. კერძოდ, შექმნა 1.4 ნანომეტრიანი პროცესორი, რომელიც AI ჩიპებს Nvidia-ს პროცესორებთან კონკურენტულად აქცევს და არაერთ ტექ-გიგანტს დააინტერესებს. სავარაუდოა, რომ Intel-ის გათვლა მონაცემთა ცენტრების სფეროში წამყვან კომპანიებზე, Oracle-ზე, Amazon-ის AWS-ზე, Meta-სა და Google-ზე იქნება.

არსებული ინფორმაციით, Intel-ი და Qualcomm-ის ყოფილი წამყვანი სპეციალისტი AI ჩიპებზე მუშაობას ოფიციალურად 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყებენ, 2027 წელს პროდუქტს წარადგენენ, 2028 წელს კი მას წარმოებაში აქტიურად ჩაუშვებენ. აღსანიშნავია, რომ Intel-ს ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიამ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისაგან სოლიდური ფინანსური დახმარება მიიღო, ვერ მოახერხა დროულად ისეთი პროდუქტის შექმნა, რომლითაც Nvidia-ს რევოლუციურ ჩიპებს კონკურენციას გაუწევდა. თუმცა დროთა განმავლობაში Intel-ს შესაძლოა საკუთარი სიძლიერის დამტკიცება არამარტო ჯენსენ ჰუანგის კომპანიისთვის, არამედ ჩინურ ტექ-გიგანტ Huawei-სთვისაც მოუწიოს. როგორც გაირკვა, აღნიშნულმა კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ გრაფიკულ პროცესორებზე მომუშავე 100 წამყვანი სპეციალისტი სხვადასხვა კომპანიიდან აიყვანა. ამ ფონზე, ანალიტიკოსების უჭირთ თქმა, რამდენად შეძლებს Intel-ი 14A ტექნოლოგიით სხვა ტექ-გიგანტებისთვის კონკურენციის გაწევას და ბაზარზე მნიშვნელოვანი წილის მოპოვებას. შეგახსენებთ, AI ჩიპებს ტექნოლოგიური კომპანიები, მეტწილად, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები