რამდენიმე დღეა, ინტენსიური თოვის გამო აღმოსავლეთ საქართველოში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება სხვადასხვა მიმართულებით პერიოდულად იზღუდება. დიდთოვლობამ განსაკუთრებული ვითარება კახეთის რეგიონში შექმნა, სადაც გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ მედიასთან განმარტა, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ინტენსიური თოვის ფონზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. მისივე თქმით, გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
"ინტენსიური თოვის გამო კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდა და მარილის დაყრა. კვლავ მოქმედებს შეზღუდვა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე, სადაც დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული შეფერხება და უმოკლეს დროში ელექტროენერგიის აღდგენისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა", - აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.
კახეთის გარდა უხვინალექის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონშიც. მუნიციპალიტეტების ნაწილი ვითარების შესახებ ინფორმაციას Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე აახლებენ:
- თოვლის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. ქალაქ თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში მძიმე ტექნიკის საშუალებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტი 18 იანვარს არ იმუშავებს. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით და გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე.
- გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გურჯაანი-ზიარი-არაშენდის გზის გაწმენდის სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. გზების გაწმენდას ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისი შესაბამისი ტექნიკით ახორციელებს.
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად მოძრაობისთვის თოვლისგან გზების გაწმენდა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება აქტიურად ხორციელდება. ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება არ არის შეზღუდული. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით.
- ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით თოვლის საფარისგან იწმინდება ცენტრალური და შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. დღე-ღამის განმავლობაში შესაბამისი ღონისძიებები გატარდა ლისის, ნიჩბისის, გალავნის, ჯიღაურას, წეროვნის, საგურამოსა და აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში. პროცესში ჩართულნი არიან მერიისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გადაადგილდეთ ზამთრის შესაბამისი საბურავებით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე მოძრაობისას!
- ხაშურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია ა(ა)იპ ხაშურსერვისის ტექნიკა. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი ტექნიკაც დაიქირავა. ქალაქ ხაშურში და მუნიციპალიტეტის სოფლებში იწმინდება გზები. ქუჩებში მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების მხრივ შეფერხება არ აქვს.




























