Microsoft-ი აცხადებს, რომ Internet Explorer-ი მომავალი წლის 15 ივნისიდან მუშაობას შეწყვეტს და მას სხვა ბრაუზერი - Edge-ი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Microsoft-ი Edge-ის ბრაუზერზე 2015 წლიდან მუშაობს და ის ანალოგიური ტექნოლოგიებით ფუნქციონირებს, როგორც Google-ი. Microsoft-ში აცხადებენ, რომ Edge-ის ბრაუზერს შეუძლია ძველი ვებგვერდებისა და აპლიკაციების ასახვა, ამიტომ Internet Explorer-ის შენარჩუნების აუცილებლობა აღარ არსებობს.
Internet Explorer-ი 1995 წელს გაჩნდა, 2000-იანი წლების დასაწყისში კი ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერი იყო. ბაზარზე Internet Explorer-ის წილი Mozilla Firefox-ისა და Chrome-ის გამოჩენის შემდეგ შემცირდა. 2009 წელს Internet Explorer-ის წილი 60%-ს, 2012 წელს - 30%-ზე ნაკლებს, 2016 წელს კი 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა.
























