მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტით საქონლის გამოწერის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება

მიტანის სერვისი კურიერი

საქართველოში ონლაინ-ვაჭრობა სტაბილურ ზრდას აჩვენებს. „საქსტატის“ კვლევით,  ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 30%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. ბოლო 1 წელში, ონლაინ-ვაჭრობის  წილი 6.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ონლაინ - ვაჭრობაში ჩართული ინტერნეტის მომხმარებელთა წილი/ წყარო: საქსტატი

  • 2023 წელი - 30%
  • 2022 წელი - 23.8%
  • 2021 წელი - 21.2%

აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით. საქალაქო დასახლებებში  15 წლის და მეტი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელთა 35.1 პროცენტმა შეიძინა ინტერნეტით საქონელი ან მომსახურება, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 20.7 პროცენტმა.

ამასთან, ინტერნეტ-ვაჭრობა უფრო ქალებს იზიდავს.  სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 32.8 პროცენტს, კაცებისათვის კი 26.7 პროცენტს შეადგენს.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 40.9 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 30.9 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 13.0 პროცენტია.

საინტერესოა, ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ეროვნული ბანკის მონაცემებიც. სებ-ის სტატისტიკით, 2023 წლის 7 თვეში,  ინტერნეტით 7.4 მლრდ ლარის ოპერაციებია განხორციელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები