მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინტერვიუ რიკარდ იოზვიაკთან / ბრიუსელი-თბილისი: რა (არ) ხდება?

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 16 ივნისს შეთანხმებას მიაღწიეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმზე.

ეს მექანიზმი ევროკავშირს შესაძლებლობას აძლევს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილდებიან. ინფორმაციის მიხედვით, ცვლილებების შედეგად, ევროკავშირი უკეთეს მდგომარეობაში იქნება, რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევებზე, როცა უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი, შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესება მესამე ქვეყანასთან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით.

ამას გარდა, შეჩერების საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა, იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ქვეყნის გეოგრაფიულმა სიახლოვემ, მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული შესვლის ზრდა გამოიწვია.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძველია ასევე ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც წინასწარ განსაზღვრული საფასურის ან ინვესტიციების სანაცვლოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭებათ ისეთ პირებს, რომლებსაც არ აქვთ მასთან შესაბამისი კავშირი.

ასევე ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლების ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.

მთავარი კითხვა ახლა ის არის, რამდენად შეიძლება ეს მექანიზმი გავრცელდეს საქართველოზე?

კითხვა მას შემდეგ გახდა უფრო აქტუალური, რაც თეა წულუკიანმა მიმდინარე კვირაში ერთ–ერთ მედიასთან ასეთი რამ თქვა: “მე ის ვიცი, რომ ისინი რეალურად მსჯელობენ ამაზე და როგორც მათივე ენაზე ამბობენ ხოლმე, they do mean it ანუ ისინი ნამდვილად ამას გულისხმობენ“.

კვირის დასაწყისში რიკარდ იოზვიაკთან ჩავწერეთ ინტერვიუ. ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრის კვალდაკვალ, სადაც საქართველოზეც იმსჯელეს – ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირი–საქართველოს გართულებულ ურთიერთობებზე და საქართველოს შესაძლებლობაზე, დაუბრუნდეს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის ტრაექტორიას.

სტუმარი: რიკარდ იოზვიაკი - "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები