მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინტერვიუმდე დეპოზიტის მოთხოვნა, ძირითადად, თაღლითობაა“ - რა უნდა იცოდნენ აშშ-ის ტურისტული/ბიზნეს ვიზის მსურველებმა?

შეინ ალექსანდერი

საქართველოში აშშ-ის საკონსულოს ვიცე კონსული შეინ ალექსანდერი ამბობს, რომ ტურისტული/ბიზნეს (B1/B2) ვიზების განმცხადებლებს საელჩოში ინტერვიუმდე სავიზო გარანტიის (visa bond) გადახდა არ მოეთხოვებათ. როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განმარტა, მსგავსი მოთხოვნა თუ რეკლამა, ძირითადად, თაღლითობასთან არის დაკავშირებული.

ვიცე კონსულმა გადაცემაში საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ძნელაძესთან ერთად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა B1/B2 ვიზების გაცემის პრაქტიკაში, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო Visa Bond-ის გადახდა და როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა ვიზებთან დაკავშირებული თაღლითური შეთავაზებებისგან.

საქმე ისაა, 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის B1/B2 ვიზების გაცემის წესი შეიცვალა. საქართველო დაემატა „სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამის“ (Visa Bond Pilot Program) მონაწილე ქვეყნების სიას. შედეგად, ახალი ტურისტული/ბიზნეს ვიზები გაიცემა მხოლოდ ერთჯერადი შესვლისთვის, 3-თვიანი ვალიდობით, ხოლო აშშ-ში ყოფნის მაქსიმალური ოფიციალური ვადა 30 დღეა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში საკონსულო ოფიცერს შეუძლია კონკრეტულ განმცხადებელს მოსთხოვოს 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარის ოდენობის სავიზო გარანტიის (visa bond) წარდგენა.

შეინ ალექსანდერმა განმარტა, რა შეიცვალა საქართველოს მოქალაქეებისთვის: "არის მარტო ორი დიდი განსხვავება დღეს. პირველი - აღარ არსებობს 10-წლიანი მრავალჯერადი ვიზა. ჩვენ გვაქვს ახლა 3-თვიანი ერთჯერადი ვიზა და ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი მოგზაურობა ამერიკაში იქნება 3 თვე, ეს არის ერთი უფლება წახვიდეთ აშშ-ში ამ ვადის განმავლობაში და როცა ტურისტი თუ ბიზნესმენი არის აშშ-ის საზღვარზე, ოფიცერი იქ გადაწყვეტს რამდენი დღე იქნება ეს მოგზაურობა.

მეორე განსხვავება არის visa bond-ის პროგრამა და ეს ფუნდამენტალურად არის დეპოზიტი, რომელიც ინტერვიუს შემდეგი ეტაპია. თუ ინტერვიუ არის წარმატებული, ოფიცერი მოგცემთ საბუთს, სადაც არის ყველა ინსტრუქცია შემდეგი ეტაპისთვის",- აღნიშნა შეინ ალექსანდერმა.

კითხვაზე, რატომ შეიცვალა ვიზების გაცემის პროცესი და მათ შორის რატომ საქართველოსთვის, მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა, მათ შორის ვიზის ვადის გადაცილებები, განაცხადებში ყალბი ინფორმაციის მითითება და აშშ-ის საერთო საიმიგრაციო/საგარეო პოლიტიკის ცვლილება.

"არ არის მარტო ერთი მიზეზი. მაგალითად, არის ვიზის ვადის გადაცილების (overstay) მაჩვენებელი და ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ტურისტები ამერიკაში რჩებიან იმაზე მეტ ხანს ვიდრე უფლება აქვთ. მეორე მიზეზი არის თაღლითობები, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მაგალითი, სადაც არის ყალბი ინფორმაცია განაცხადზე, რაც დიდი პრობლემაა. ბოლო მიზეზი არის უფრო ზოგადი - ეს არის ამერიკის საგარეო პოლიტიკა",- ამბობს ვიცე კონსული.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ის ყურადღებას ამახვილებს არის აპლიკაციაში ინფორმაციის სწორად მითითების აუცილებლობა და თაღლითური სქემები. ეს უკანასკნელი მათ შორის უკავშირდება მესამე პირებისგან თანხის სანაცვლოს დაპირებას ვიზის ან დეპოზიტის წინასწარ მოგვარებაზე.

"გვაქვს ხანდახან პრობლემა მაგალითად ტურისტულ სააგენტოებთან. ამ ტიპის სააგენტოსგან აპლიკაციის შევსებაში დახმარება შეიძლება მოხერხებულია განმცხადებლისთვის, მაგრამ ხანდახან ეს არ არის კარგი იდეა იმიტომ, რომ თუ ინფორმაცია განაცხადზე არ არის ზუსტი, სწორი, ეს არის დიდი პრობლემა ჩვენთვის ინტერვიუზე. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ბიზნესმენისთვის, ტურისტისთვის არის, შეეძლონ აპლიკაციაში მოცემული ყველა ინფორმაციის დადასტურება.

პროცესი არის, რომ პირველ რიგში უნდა დავნიშნოთ სავიზო გასაუბრება და შემდეგი არის ინტერვიუ და მარტო ინტერვიუს შემდეგ არის ინსტრუქციები. ინტერვიუმდე თანხის გადახდასთან დაკავშირებით თუ არის მოთხოვნა ან რეკლამა, ეს ყალბი არის ძირითადად",- განაცხადა შეინ ალექსანდერმა.

აღსანიშნავია, რომ Visa Bond-ის პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის აგვისტოში აამოქმედა, ხოლო საქართველო პროგრამაში 2026 წლის 2 აპრილს ჩართო. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის მოქმედების ვადა 2026 წლის 5 აგვისტოს იწურება.

ვიცე კონსული ამბობს, რომ საპილოტე პროგრამა არ სრულდება 5 აგვისტომდე, ნებისმიერი ახალი რეგულაცია კი ამ თარიღის შემდეგ ამოქმედდება.

"სავიზო დეპოზიტის პროგრამამ თავისი ეფექტურობა დაამტკიცა ვიზის მოქმედების ვადის გადაცილების პრევენციისა და სავიზო რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფის საქმეში. ნებისმიერი ახალი ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

გთხოვთ, კვლავაც იხელმძღვანელოთ იმ მითითებებით, რომლებიც საკონსულო ოფიცერმა ვიზაზე გასაუბრებისას მოგცათ",- ამბობს ვიცე კონსული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები