მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციების გაზრდის ერთადერთი უებარი წამალი დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობაა - ჯაფარიძე

64809ffd2cd8d
თელარა გელანტია
07.06.23 22:00
583
პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის აზრით, საქართველოში ინვესტიციების გაზრდის ერთადერთი წამალი დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობაა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

„საქართველოში ინვესტიციების გაზრდის ერთადერთი უებარი წამალი დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობაა. არ ვიტყვი, რომ გადასახადებია გადამწყვეტი, რადგან შეიძლება უკიდურესად დაბალი გადასახადები გქონდეს, მაგრამ როდესაც ინვესტორს არ აქვს განცდა, რომ ის სამართალს ნახავს საქართველოში და მისი უფლებები იქნება დაცული სასამართლოში, ცხადია, ის უპირატესობას მიანიჭებს იმ ქვეყანას, სადაც სტაბილური გარემოა და სადაც იცის, რომ არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება“, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს საინვესტიციო იმიჯი დღეს დაზიანებულია და ამის მიზეზი ხელისუფლების პოლიტიკაა. საინვესტიციო კლიმატზე საუბრისას ბადრი ჯაფარიძემ მაგალითად ანაკლიის პორტის პროექტი მოიყვანა.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი და რეპუტაციულად დამანგრეველი გადაწყვეტილება და შეაჩეროს საუკუნის პროექტი, მხოლოს იმის გამო, რომ მისთვის პოლიტიკურად მიუღებელია ადამიანები, რომლებიც ამ პროექტის უკან დგანან. ასეთი დარტყმები იმდენად აზიანებს ქვეყანას, რომ შემდეგ წლები გჭირდება იმისთვის, რომ მიყენებული ზიანი გამოასწორო, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვას - „რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში“ - პოლიტიკოსმა ასეთი პასუხი გასცა:

„უნდა დასრულდეს საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება, უნდა დასრულდეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მტრად გამოცხადება და უნდა აღვადგინოთ ის, რასაც ჰქვია ტოლერანტობა, მოთმინება განსხვავებული აზრის და პოზიციების მიმართ და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესების პირად და პოლიტიკურ ინტერესებზე დაყენება უნდა შევძლოთ; თუ ამას შევძლებთ, ძალიან სწრაფად ვნახავთ შედეგს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები