მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის

6433f91f00118
BM.GE
10.04.23 15:56
786
პარტია “ლელოს საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. საქმე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ხანდაზმულობის ნორმის გამოყენებას შეეხება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე, ბადრი ჯაფარიძემ და მისმა იურისტმა ზვიად კორძაძემ განაცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ კანონის მუხლების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.

“კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილების უკან, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიიღეს. ჩვენ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ. ამ დევნის მიზანი ჩვენი რეპუტაციის შებღალვა იყო, რაც არ გამოუვიდათ. მანამ, სანამ საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ, ვაპირებთ, ყველა სამართლებრივი გზა გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლო სრულად დაქვემდებარებულია.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიტანოთ. მთელი ეს პროცესი კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა იყო. ამ სარჩელით, ვაპირებთ, თვალსაჩინო გავხადოთ, რამდენად სამარცხვინო იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. ბრძოლა გრძელდება მანამ, ვიდრე ეს უსაფუძვლო კამპანია სრულად არ განადგურდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, ეს საჩივარი საბოლოო განაჩენზე პირდაპირ გავლენას იქონიებს.

„მიღებული განაჩენი უზენაეს სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული. ამის პარალელურად, დღეს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ. გარდა იმისა, რომ პროცესი მთლიანად უკანონოა, ამავდროულად, ის ანტიკონსტიტუციურია. საჩივრდება იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომელიც გამოყენებული იყო სასამართლოს მიერ, ეს არის ხანდაზმულობა, გადაკვალიფიცირების უფლება იმ ფორმით და იმ სახით, რაც სასამართლომ გამოიყენა. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ ამ ნორმების ნორმატიული შინაარსის გაუქმებას“, - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. შემდგომში, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები