"ლელო - საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ის მიერ იმ ადამინტა მიმართ დაწესებული სავიზო სანქციები, ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს.
"დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და რუსული კანონის ინიციირება - დამტკიცებასთან არიან დაკავშირებული, ემსახურება და წარმოადგენს შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს.
რამდენადაც დღეს ჩვენ გვყავს ბოლშევიკური ხელისუფლება, რუსული ინტერესების სამსახურში მყოფი "ოცნების" პოლიტიკოსები და ამ პარტიის დამფუძნებელი, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, ამიტომ ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან მორიგი მხარდაჭერის აქტი ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შემდგომი მხარდაჭერის აქტები "ოცნების" წარმოებული პოლიტიკის და ქართველი ხალხის, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი აქტების საპასუხოდ", - აცხადებს ჯაფარიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. სანქციები განისაზღვრება აღნიშნულისთვის პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, თუმცა სანქცირებულ პირთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა. ამავე განცხადების თანახმად, აშშ გადახედავს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოლიტიკას.