"მთავარი არის ის, რომ ქართული ოცნების გეგმები ვერ განხორციელდება - აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს, მიუხედავად ქართული ოცნების მტრული დამოკიდებულებისა", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა.
ჯაფარიძის თქმით, აშშ-ი სანქციების შესახებ წინასწარ არ განაცხადებს, თუმცა ის ქართველი ხალხის გვერდით დარჩება და განიხილავს ყველანაირ ინსტრუმენტს.
"ბატონი ო’ბრაიენი დღეს საღამოს თავად გააკეთებს ამ განცხადებას. მთავარია, რომ ყველა ინსტრუმენტი აშშ-ს თავის განკარგულებაში აქვს. ისინი წინასწარ არ აცხადებენ სანქციებს, ეს არის მათი პოლიტიკა, მაგრამ აშშ-ი კიდევ უფრო მეტად იქნება ქართველი ხალხის გვერდით - "ოცნების" გეგმები ჩაიფუშება, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.
[აშშ-ის ოფიციალური პირები] საფუძვლიანად, სრულყოფილად ინფორმირებულები არიან ყველა იმ მავნებლობაზე, რომელსაც ჩადის "ქართული ოცნება". შეერთებული შტატები ფლობს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც შეიძლება ძალიან მწარედ აისახოს ქართული ოცნების ლიდერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაგრამ ეს არ არის აშშ-ის თვითმიზანი. მათი ამოცანაა, ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები დაცული იყოს. კანონი, რომელიც პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა შემოტანილი, საქართველოს უხშობს კარებს ევროკავშირისკენ და პირდაპირ ბლოკავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში ოფიციალური ვიზიტით ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ო'ბრაიენმა შეხვედრები გამართა ოპოზიციონერ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რის შემდეგადაც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.