მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტირება მუნდიალში – მოუტანა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატმა მოგება აქციონერებს?

მუნდიალი

მუნდიალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სპორტული მოვლენის ფარგლებს და გიგანტურ ეკონომიკურ მანქანად გადაიქცა, რომელიც ყოველ ჯერზე მილიარდობით დოლარის კაპიტალს იზიდავს. 2026 წლის მუნდიალის შედეგებს სპორტულ ანალიტიკოსებთან ერთად, უკვე უოლ-სტრიტზეც აქტიურად აჯამებენ.

მთავარი კითხვა, რომელიც ბაზრის მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს აწუხებთ, არის ის: მიიღეს თუ არა რეალური სარგებელი იმ ინვესტორებმა, რომლებმაც ჩემპიონატთან დაკავშირებულ კომპანიებში კაპიტალი ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დააბანდეს?

როგორც წესი, მუნდიალის პერიოდში გლობალური ბრენდების აქტივობა პიკს აღწევს, თუმცა წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებული მასშტაბებით გამოირჩეოდა. ტრადიციულ სპონსორებთან ერთად, ბაზარზე გამოიკვეთნენ კომპანიები, რომლებმაც სამი ქვეყნის, ანუ ამერიკის, კანადისა, მექსიკის მასშტაბით მილიონობით გულშემატკივრის ტანსპორტირებითა და მასპინძლობით უდიდესი ფინანსური სარგებელი მიიღეს.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღების ცენტრში სპორტული გიგანტები, Adidas და Nike მოექცნენ. ტურნირის დაწყებამდე 3-6 თვით ადრე, ინვესტორების პოზიტიური მოლოდინებისა და ეროვნული ნაკრებების მაისურების რეკორდული გაყიდვების ფონზე, გერმანული Adidas-ის აქციების ფასი დაახლოებით 15-18%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ Nike ბოლო პერიოდში სტრუქტურულ გამოწვევებს ებრძოდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებამ მისი აქციების ფასსაც მისცა ზრდის სტიმული და დაახლოებით 8-10%-იანი აღმასვლა დააფიქსირა, რაც ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ფეხბურთის მზარდი პოპულარობით იყო განპირობებული.

სპორტული ბრენდების პარალელურად, უზარმაზარი ფინანსური მოგება დააფიქსირეს მედიისა და ტრანსლაციის სფეროს წარმომადგენლებმა. მაგალითად, Fox Corporation-მა სარეკლამო დროის თვეებით ადრე გაყიდვით უპრეცედენტო შემოსავალი მიიღო. ამან კომპანიის აქციები ბოლო ნახევარ წელიწადში 12%-ით გაზარდა. მსგავსი პოზიტიური ტენდენცია აჩვენეს ციფრულმა პლატფორმებმა და ტექნოლოგიურმა პარტნიორებმაც, რომლებიც მონაცემთა დამუშავებასა და გლობალურ მაუწყებლობას უზრუნველყოფდნენ.

წლევანდელმა მუნდიალმა განსაკუთრებულად იმოქმედა ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორებზე, რაც წინა ჩემპიონატებთან შედარებით კიდევ უფრო მასშტაბური იყო გეოგრაფიული არეალის გამო. ავიაკომპანიებმა, როგორიცაა United Airlines და Delta Air Lines, შიდა და კონტინენტურ ფრენებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო, აქციების ფასის მნიშვნელოვანი მატება განიცადეს, კერძოდ, 20-30%-ის ფარგლებში.

პარალელურად, განთავსების პლატფორმებმა, Airbnb-მ და Booking.com-მა, ჯავშნების რეკორდული მაჩვენებლების გამო, ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს, რამაც მათი საბაზრო კაპიტალიზაცია მუნდიალის დაწყებამდე 10-15%-ით გაზარდა.

რაც შეეხება FIFA-ს ტრადიციულ პარტნიორებსა და სამომხმარებლო სექტორს, აქაც ვითარება ინვესტორებისთვის პოზიტიურად წარიმართა. Visa-ს აქციებმა მილიონობით ტურისტის გადახდების ბუმის გამო 7%-იანი ზრდა აჩვენა. Budweiser-მა სტადიონებსა და ფან-ზონებში გაყიდვების უზარმაზარი მოცულობის მოლოდინით, გაზაფხულიდან მოყოლებული დაახლოებით 9%-იანი ზრდა აჩვენა. ასევე, სტაბილური წინსვლა ჰქონდათ ისეთ მუდმივ სპონსორებსაც, როგორიცაა Coca-Cola და McDonald's; აგრეთვე ოფიციალურ სატრანსპორტო პარტნიორს, Hyundai Motor-ს, რომელმაც უზარმაზარი სარეკლამო ექსპოზიცია მიიღო.

ჩვენს მთავარ თეზისს რომ დავუბრუნდეთ, მიიღეს თუ არა სარგებელი რამდენიმე თვით ადრე შესულმა ინვესტორებმა, პასუხი ცალსახად დადებითია. მათ, ვინც ჩემპიონატამდე 4-6 თვით ადრე შეიძინეს აღნიშნული კომპანიების აქციები, სოლიდური უკუგება უკვე ნახეს. თუმცა, სწორედ აქვე გამოვლინდა ცნობილი საბირჟო ფენომენი: "იყიდე ჭორი, გაყიდე ნიუსი". როგორც კი ტურნირი დაიწყო, ზოგიერთი კომპანიის აქციების ფასმა კორექცია განიცადა, რადგან მსხვილმა ინვესტორებმა მოგების დაფიქსირება სწორედ მაშინ დაიწყეს, როცა რიგითი გულშემატკივრები ეიფორიაში იყვნენ, რადგან ფასში უკვე წინასწარ იყო ასახული ის პოზიტიური მოლოდინები, რაც ტურნირს წესით უნდა მოეტანა.

მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცალსახაა, იმ ინვესტორებმა, რომლებმაც მუნდიალთან დაკავშირებული საინვესტიციო პოზიციები დაახლოებით ერთი წლით ადრე გახსნეს და სტრატეგიული გათვლები სწორად გააკეთეს, ამ საკმაოდ მოკლე პერიოდში ჯამურად თითქმის 130%-იანი ზრდა დააფიქსირეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუნდიალით არა მხოლოდ გართობისა და სიამოვნების, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებაც შეიძლება... წარმატებები 2030 წელს!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები