საბურთალოს რაიონში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სავარაუდოდ, 2026 წლის 1 სექტემბერს დასრულდება. ამის შესახებ BMG-სთან შპს კორტების დირექტორმა განაცხადა.
პროექტი თამარაშვილის 13 ნომერში მიმდინარეობს. შპს კორტებმა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის აუქციონში 2021 წელს გაიმარჯვა და 7174 კვ.მ. მიწა, ასევე მასზე მდებარე შენობა საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა. ადგილზე სამუშაოები 2 წლის ვადაში, 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც შპს “კორტების” წარმომადგენელი აცხადებდა, პროექტირების ეტაპის გაჭიანურება პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მოხდა, რასაც თან პანდემიაც დაერთო, ამიტომ ადგილზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა 2025 წელს დასრულდებოდა.
როგორც შპს კორტების დირექტორი, დავით კოპაძე განმარტავს, პროექტის გაჭიანურება სხვადასხვა ფაქტორებს უკავშირდება. ამასთან, დავით კოპაძე BMG-სთან აცხადებს, რომ გაიზარდა პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც. თუ ის 2023 წელს 35 მლნ ლარიან ინვესტიციაზე საუბრობდა, ახლა აღნიშნავს, რომ ეს თანხა 40-45 მლნ ლარი იქნება.
"ხან ამინდია ხელის შემშლელი, სახურავია რთული შესასრულებელი... ახლა ნორმალურად მივდივართ, პრობლემური რაც იყო გადალახულია და ამ ვადაში წესით უნდა ჩავეტიოთ. დაახლოებით ₾40-45 მილიონამდე დაჯდება ეს პროექტი.",- აცხადებს დავით კოპაძე.
ბიზნეს რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს კორტების დირექტორი დავით კოპაძე ასევე 67%-ს ფლობს, ხოლო კომპანიის 33% მამუკა მერკვილაძეს ეკუთვნის.




























