მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი ე.წ კორტების ტერიტორიაზე ახალი კომპლექსის მშენებლობაში ₾35 მლნ დაიხარჯება - ინვესტორი

64bfce2c4c1ba
ანუკა ჯოხაძე
25.07.23 18:00
4480
საბურთალოს რაიონში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო. პროექტი 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. საინვესტიციო ვალდებულებით ინვესტორს ადგილზე მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. თუმცა როგორც შპს “კორტების” დამფუძნებელი დავით კოპაძე BM.GE-თან აცხადებს, ინვესტიცია ბევრად მეტი იქნება.

“მუნიციპალიტეტის მოთხოვნა იყო რომ მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განგვეხორციელებინა, ჩვენ პროექტში დაახლოებით 35 მილიონი ლარი ინვესტიციას ვახორციელებთ.”-ამბობს დავით კოპაძე.

ინვესტორი კომპანიის დამფუძნებლის თქმით, პროექტი მოიაზრებს მაღალი სტანდარტების სპორტული კომპლექსის მოწყობას, რომელიც გააერთიანებს როგორც საჩოგბურთო კორტებს, ისე ოლიმპიურ აუზს და კვების ობიექტებს.

მისი განმარტებით, კომპლექსის ირგვლივ მოეწყობა მოძრავი კინეტიკური ფასადი. კომპანიის დამფუძნებელი ცხადებს, რომ მსგავსი ფასადი მსოფლიოში მხოლოდ სამია და მეოთხე ყოფილი კორტების ტერიტორიაზე მოეწყობა.

“პროექტი დაახლოებით დასრულდება 2 წელიწადში. 2 წლის განმავლობაში მოხდება გახსნა. ადგილზე მოეწყობა ერთი დახურული და ორი ღია საჩოგბურთო მოედანი. გაკეთდება ასევე საკვები ობიექტები, იქნება ოლიმპიური ზომის, 50-მეტრიანი საცურაო აუზი, საუნებით და სამასაჟო ოთახებით. ადგილზე იქნება 100 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი.

მოეწყობა სავარჯიშო დარბაზი, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი თბილისში, დაახლოებით 1800 კვადრატული მეტრი ფართობის. ასევე ადგილზე იქნება საზაფხულო ტერასა საკვები ობიექტებისთვის", - ამბობს შპს “კორტების” დამფუძნებელი დავით კოპაძე.

შეგახსენებთ, შპს “კორტებმა” იპოდრომის მიმდებარედ ე.წ კორტების ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე აუქციონში 2021 წელს გაიმარჯვა. საინვესტიციო შეთანხმებით ადგილზე სამუშაოები 2 წლის ვადაში 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. როგორც შპს “კორტების” წარმომადგენელი აცხადებს, პროექტირების ეტაპის გაჭიანურება პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მოხდა, რასაც თან პანდემიაც დაერთო. მისი თქმით, ადგილზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა 2025 წელს სრულად დასრულებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები