მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტიცია - ₾250 მლნ, საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი თანხა - ₾300 მლნ“ – ICR ჯგუფის 30 წელი

ICR ჯგუფი

ICR ჯგუფს, რომელიც საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, დაახლოებით, 300 მლნ ლარი აქვს გადახდილი. ამის შესახებ BMG-ის ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა.

კახა ხაზარაძის ინფორმაციითვე, 1993 წლიდან დღემდე კომპანიის მიერ ინვესტირებულია 250 მლნ ლარი და დღეისათვის, ICR ჯგუფი 1000-მდე ადამიანს ასაქმებს.

„ყველაზე დიდი გამოწვევა არის პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნდობა გამოგიცხადა და შენთან ერთად მუშაობს; ბიზნესი ერთი დიდი ოჯახია. მე უფრო მეტი დრო გუნდთან ერთად მაქვს გატარებული, ვიდრე - ოჯახთან, ამიტომ თუ გუნდში ჰარმონიას ვერ გრძნობ, ბოლომდე ვერ დაიხარჯები. 30 წლის განმავლობაში, ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა ეს იყო“, - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კახა ხაზარაძემ 30 წელი საქართველოში ბიზნესის კეთების პროცესში ყველაზე მთავარ გამოწვევებზე საუბრისას.

რაც შეეხება ბიზნესის კეთების პროცესში არსებულ სხვადასხვა გამოწვევას, ბიზნესმენმა განსაკუთრებით გამჭვირვალე სასამართლოს სისტემის არარსებობა გამოყო.

„გაუმჭვირვალობა იწვევს გარე ინვესტორის მიერ ქვეყნის მიმართ სტაბილურობის შეგრძნების არქონას, ამიტომ უცხოელი ინვესტორი თავს დაცულად არ გრძნობს, რომ პრობლემების შემთხვევაში, საკუთარ ინტერესებს დამოუკიდებელ სასამართლოში დაიცავს, ის რისკის ქვეშ თავის ინვესტიციას არ დააყენებს. ჩვენი პარტნიორები, რომლებიც წლებია ჩვენთან მუშაობენ, ახალ ინვესტიციებზე თავს იკავებენ და თუ დღეს ICR ჯგუფი გარკვეულ ინვესტიციას ვახორციელებთ, ეს მხოლოდ ჩვენი რესურსია, რითაც ბევრს ვერ შევძლებთ“, - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.

მიუხედავად გამოწვევებისა, „არსად წასვლას არ ვაპირებ“ - ამბობს ის.

ICR ჯგუფის უახლოეს გეგმებშია სასაწყობო მეურნეობის აშენება თბილისში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 4 მლნ დოლარია. გარდა ამისა, მომავალი წლიდან კომპანია საცალო ვაჭრობის სფეროში კიდევ ერთ ახალ იტალიურ ბრენდს შემოიყვანს - 2024 წლის მარტში თბილისში - Replay-ს მაღაზია გაიხსნება.

დღეისათვის, ICR ჯგუფი ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი:

შპს „აი სი არ ტრეიდი“ - ის ჯგუფის მთლიან შემოსავლებში 69%-იანი წილით წარმოადგენს ყველაზე მსხვილ მიმართულებას. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ფეხსაცმლის, ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობას. „აი სი არ ტრეიდის“ ბრენდებს შორისაა: „ბატა“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერია“, „ოკაიდი“ და ა.შ.

შპს „ჩემი სახლი“ - აერთიანებს ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების საცალო და საბითუმო ქსელს. 2017 წლიდან „შპს ჩემი სახლის“ მართვის ქვეშ არის სავაჭრო ნიშანი „ლაბორატორია ჩემი სახლი“.
შპს „აი სი არ ფუდ ენდ ბევერიჯი“ - ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება 2022 წლის ბოლოს აერთიანებდა კვების 2 ობიექტს: „ტაბლა“ და „პომოდორისიმო“.

შპს „ჯეო ორგანიკს“ - საქმიანობის სფეროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, 2016 წელს დაფუძნდა. 2022 წლიდან კომპანია ახორციელებს მხოლოდ ლურჯი მოცვის მოყვანას წყალტუბოს რაიონში, 28 ჰა ფართობზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები