მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიცია თუ გადახდის საშუალება - რა ხდება ევროპის კრიპტობაზარზე?

კრიპტო ევროპა

2025 წელი გლობალური ფინანსური ბაზრებისთვის, და განსაკუთრებით ციფრული ვალუტების სექტორისთვის, დრამატული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. წელი, რომელიც ტექნოლოგიური ოპტიმიზმით დაიწყო, მალევე გეოპოლიტიკური რყევების გავლენის ქვეშ მოექცა. თუმცა აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურბულენტობის მიღმა, ევროპის კონტინენტზე გაცილებით საინტერესო და გრძელვადიანი პროცესი მიმდინარეობს. ფასების მერყეობის მიუხედავად, სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ევროპელი მომხმარებლის ინტერესი ციფრული აქტივების მიმართ არა თუ მცირდება, არამედ სტაბილურად და შეუქცევადად იზრდება, რაც ამ ინდუსტრიის სიმწიფის ახალ ეტაპზე გადასვლას მოასწავებს.

ევროპის უმსხვილეს ეკონომიკებში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კრიპტოაქტივები ნიშური პროდუქტიდან მეინსტრიმულ ფინანსურ ინსტრუმენტად გარდაქმნა მიმდინარეობს. ორგანიზაცია Adan-ის მიერ მომზადებული ანგარიში - „Web3 ინდუსტრია საფრანგეთსა და ევროპაში“ - რომელიც 2025 წლის დასაწყისის მონაცემებს ეყრდნობა, აჩვენებს , რომ 18 წელს გადაცილებული ევროპელების 90%-ზე მეტმა იცის, თუ რა არის კრიპტოვალუტა. ეს ცნობადობა კი პირდაპირ ისახება მფლობელობის მაჩვენებელზეც.

ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ევროზონაში ზრდასრული მოსახლეობის 9% უკვე ფლობს გარკვეული ტიპის ციფრულ აქტივს, რაც 2022 წლის 4%-თან შედარებით ორჯერ მეტ ზრდას წარმოადგენს. ეს დინამიკა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ევროპელი ინვესტორისთვის ე.წ. კრიპტო-ზამთრის შიშები უკვე შორეულ წარსულს ჩაბარდა.

საინტერესო სურათს გვაძლევს გეოგრაფიული განაწილების ანალიზიც. ევროზონის 20 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიციას, მოულოდნელად, სლოვენია იკავებს, სადაც მოსახლეობის 15% კრიპტოაქტივების მფლობელია. მას კვალდაკვალ მიჰყვებიან საბერძნეთი, ირლანდია, ხორვატია, კვიპროსი, ლიეტუვა და ავსტრია. შედარებით კონსერვატიულ მიდგომას ინარჩუნებენ ისეთი ეკონომიკური გიგანტები, როგორიცაა გერმანია და ნიდერლანდები, სადაც ეს მაჩვენებელი 6%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ევროზონის მიღმა მყოფი გაერთიანებული სამეფო გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ტრანზაქციების მოცულობით, რითაც მხოლოდ ამერიკასა და ინდოეთს ჩამორჩება.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყნებს შორის არსებული ეს განსხვავებები რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ეკონომისტების მოსაზრებით, მაღალი ათვისების მაჩვენებელი, როგორც წესი, ფინანსური ინოვაციებისადმი ღიაობასა და რისკის მადის სიდიდეს უკავშირდება. ისეთ ბაზრებზე, სადაც ტრადიციული საინვესტიციო არხები შეზღუდულია ან ნაკლებად მიმზიდველი, მოსახლეობა ალტერნატივას კრიპტოვალუტაში ხედავს.

თუმცა ზრდის მთავარი კატალიზატორი მაინც ნდობის ფაქტორია, რაც დიდწილად ევროკავშირის მიერ მიღებულ „კრიპტოაქტივების ბაზრების“იგივე MiCA-ს რეგულაციას უკავშირდება. ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია თავისი კომპლექსურობით, ადგენს თამაშის ერთიან წესებს და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმებს ნერგავს. MiCA-ს ამოქმედებამ ინვესტორებს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ევროკავშირი ამ სექტორს აღიარებს, როგორც ფინანსური სისტემის ლეგიტიმურ ნაწილს, რამაც ბაზარზე ისეთი ფრთხილი მოთამაშეებიც კი მიიზიდა, რომლებიც ადრე თავს იკავებდნენ.

მიუხედავად პოპულარობისა, კრიპტოვალუტების უტილიტარული დანიშნულება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ევროზონაში მფლობელთა 64% ციფრულ ვალუტას განიხილავს მხოლოდ საინვესტიციო აქტივს და არა გადახდის საშუალებას. მხოლოდ 16% იყენებს მას რეალური ტრანზაქციებისთვის. აქაც საინტერესო პარადოქსთან გვაქვს საქმე: ნიდერლანდებსა და გერმანიაში, სადაც მფლობელობის დაბალი დონეა, ინვესტირების მიზნით ყიდვის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია საშუალოდ 90%-იანი მაჩვენებლით. ხოლო საფრანგეთში მომხმარებელთა მეოთხედი კრიპტოვალუტას გადახდისთვისაც იყენებს. ეს მიუთითებს, რომ ბაზარი კვლავ სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაღდი ფულისა თუ საბანკო ბარათების ჩანაცვლებისგან ჯერ კიდევ შორს არის.

იმისთვის, რომ კრიპტოაქტივები მხოლოდ სპეკულაციური ინსტრუმენტიდან ყოველდღიურ საგადამხდელო საშუალებად იქცეს, აუცილებელია ევროში დენომინირებული სტაბილური მონეტების, იგივე სთეიბლქოინების სრულფასოვანი ინტეგრაცია არსებულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში. ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელზეც ევროპის ცენტრალური ბანკი და ბაზრის მოთამაშეები უახლოეს მომავალში აქტიურ მუშაობას გეგმავენ, რათა ციფრული ფინანსების პოტენციალი რეალურ ეკონომიკურ სარგებლად გარდაქმნან.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები