ინვესტიციები შენელებული კი არა, შეჩერებულია, - ამის შესახებ საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალის“ დირექტორმა, ჯინო დოლინმა განაცხადა. როგორც Bm.ge-ის ჯინო დოლინმა უთხრა, ბიზნესს იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დაუბრუნდება დასავლურ კურსს, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლასაც.
„ინვესტიციები არის შენელებული კი არა, შეჩერებული. მე მიწევს ურთიერთობა ბევრ უცხოელ ინვესტორთან და ყველას იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ ისე განვითარდება მოვლენები, როგორც დასავლეთს და ჩვენ გაგვიხარდება, შემდეგ ინვესტიციები შემოვა და ბიზნესები განვითარდება“, - აღნიშნა ჯინო დოლინმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება II კვარტალის შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია.